ყაბაყი – ჩვენი ჯანმრთელობისთვის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.01, 2021 წელი

ყაბაყის შემადგენლობის 90 პროცენტზე მეტი წყალია და ამიტომ მას ჩვენი ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მის შემადგენლობაში შედის შაქარი, ორგანული მჟავები, ცელულოზა, A, B, C ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი...
ყაბაყი მსუბუქ შარდდენას იწვევს - აქედან გამომდინარე, ის ძალიან სასარგებლოა შეშუპების, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების, ჰიპერტონიის დროს. სასარგებლოა, როგორც მისი ნაყოფი, ასევე ყაბაყის ყვავილებიც.
ყაბაყი გამოირჩევა ნაღველმდენი თვისებებითაც - ის ორგანიზმიდან გამოდევნის მარილებს. ამიტომ უნდა მიიღონ ეს ბაღჩეული მათ, ვისაც სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
თუ საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად შეიტანეთ რაციონში ყაბაყი. მისი საკვები ბოჭკოები, აგრეთვე, უჯრედისი უზრუნველყოფს ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსინებისა და ჭარბი წყლის გამოდევნას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
გარდა ამისა, ყაბაყის ყვავილების ნაყენი გამოიყენება, როგორც ანტიალერგიული საშუალება. მისი შემადგენლობის წყალობით, ყაბაყი იმუნიტეტის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.
მის შემადგენლობაში შემავალი კალიუმისა და მაგნიუმის გამო ყაბაყი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ეს ნივთიერებები, ასევე, კარგად მოქმედებენ სისხლწარმოქმნაზეც.
ამ ბოსტნეულის რბილობი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, სასარგებლოა კბილებისა და თმისთვის, აგრეთვე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ის აუმჯობესებს მხედველობას. ყაბაყი ანელებს დაბერების პროცესებს და კარგი დამხმარეა ცელულიტთან ბრძოლის პროცესში.
ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა ყაბაყის წვენი. მასშია თავმოყრილი მცენარის მთელი სასარგებლო თვისებები. დაიწყეთ ყაბაყის წვენის მიღება მცირე დოზით. დღეში 1 სუფრის კოვზის ოდენობით და თუ მიხვდებით, რომ მას თქვენი ორგანიზმი კარგად აღიქვამს, გაზარდეთ დოზა 1 ჭიქამდე, თუმცა გადაანაწილეთ დღის გაბმავლობაში რამდენიმე ულუფად და ერთბაშად არ მიიღოთ. ყაბაყის წვენს სპეციფიკური გემო აქვს, ამიტომ სურვილის შემთხვევაში, მისი თაფლით დატკბობა შეგიძლიათ. კურსი მოიცავს ორ თვეს, რის შემდეგაც აუცილებელია მინიმუმ ორკვირიანი შესვენება. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგამოწურული წვენი, მაგრამ რადგან მალე ფუჭდება, ჯობს, მცირე ულუფებად მოამზადოთ.
ყაბაყის წვენი დაეხმარება ჩვენს ორგანიზმს ძალების აღდგენაში უხარისხო პროდუქტით მოწამლვის შემდეგ. მავნე ნივთიერების გამოსადევნად, მიირთვით თითო ჭიქა წვენი დღეში ერთი კვირის განმავლობაში, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ორგანიზმი უკვე შეჩვეულია მის წვენს.
ყაბაყი ძალიან კარგია დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის დროს. მასში შემავალი მაგნიუმი, ასევე, ფოლიუმის მჟავა ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს, C ვიტამინი და ბეტა-კაროტინი კი აბრკოლებენ სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის დალექვასა და ათეროსკლეროზის განვითარებას.
კვლევებით დამტკიცდა, რომ ყაბაყი ამცირებს სიმსივნეების წარმოქმნას მსხვილი ნაწლავის უჯრედებიდან კანცეროგენული ტოქსინების გამორეცხვის გზით.
გარდა ამისა, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და შველის ორგანიზმს ოსტეოართრიტის, ასთმის, რევმატოიდული ართრიტის დროს. ამიტომ გახსოვდეთ, მისი რაციონში შეტანა დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან