ჯანსაღი ძილის როლი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.06, 2023 წელი

ჯანსაღი ძილი აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის.
სამ წლამდე ძილი აუცილებელია:
✔️მეხსიერების კონსოლიდაციისთვის. მეხსიერების კონსოლიდაცია არის პროცესი, როდესაც ჩვენი ტვინი ხანმოკლე მოგონებებს ხანგრძლივად გარდაქმნის;
✔️აღმასრულებელი ფუნქციების განვითარებისთვის. აღმასრულებელი ფუნქციები პასუხისმგებელია ისეთ უნარებზე, როგორიცაა ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, შენახვა და გამოყენება, მიზნის მისაღწევად საჭირო მოქმედებათა დაგეგმვა, იმედგაცრუებისას – ემოციური თვითკონტროლი;
✔️მოტორული უნარების განვითარებისთვის. მოტორული უნარები სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით ამა თუ იმ მოძრაობის შესრულებას უზრუნველყოფს.
რა ხდება, როცა ბავშვს ძილი აკლია
გამოუძინებელი ბავშვი უგუნებოდაა, ჭირვეულობს, ზოგჯერ ჰიპერაქტიურობაც ახასიათებს. უძილობა გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაციაზე, რაც უარყოფითად აისახება აკადემიურ მოსწრებაზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში უძილობას ბავშვისთვის უგუნებობაზე გაცილებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. დროთა განმავლობაში ის იმუნური სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ადრეულ დეპრესიას იწვევს.
განურჩევლად ბავშვის ასაკისა, მშვიდი ძილის საფუძველი სწორი რუტინის ჩამოყალიბებაა. რასაკვირველია, თინეიჯერი და ერთი წლის ბავშვი ერთსა და იმავე დროს არ დაიძინებენ და არც ძილისწინა საათებს გაატარებენ ერთნაირად, მაგრამ ძილის რუტინა ორივეს სჭირდება. როდესაც ძილის წინ ერთი და იმავე აქტივობით ხარ დაკავებული, კითხვა იქნება ეს, თბილი აბაზანის მიღება თუ სხვა რამ, ორგანიზმი ხვდება, რომ ძილის დრო ახლოვდება და ნელ-ნელა ემზადება ამისთვის.
პატარა ბავშვის ტიპური ძილის რუტინა მოიცავს:
✔️ტელევიზორისა და სხვა ელექტრომოწყობილობების გათიშვას დაწოლამდე, სულ მცირე, ერთი საათით ადრე;
✔️თბილი აბაზანის მიღებას;
✔️საღამურის ჩაცმას და კბილების გამოხეხვას;
✔️ სასიამოვნო წიგნის წაკითხვას;
✔️მეორე დღის გეგმებზე საუბარს;
✔️ საყვარელ ფუმფულა სათამაშოსთან ჩახუტებას.
ძილზე, ასევე, დიდ გავლენას ახდენს დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები და საქმიანობა, რომლითაც ბავშვია დაკავებული, ამიტომ სასურველია, ძილისთვის მომზადება არა უშუალოდ ძილის წინ, არამედ რამდენიმე საათით ადრე დაიწყოთ. ამისთვის:
✔️დააბალანსეთ ბავშვის გართობისა და დასვენების რეჟიმი;
✔️ ეცადეთ, დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დააწვინოთ;
✔️ბავშვის საწოლ ოთახში არ დადგათ ტელევიზორი და სხვა ელექტრომოწყობილობები;
✔️ყურადღება მიაქციეთ მის რაციონს, განსაკუთრებით – საღამოს;
✔️ეცადეთ, ბავშვის საწოლ ოთახში სხვა ოთახებთან შედარებით დაბალი ტემპერატურა იყოს;
✔️ნუ ჩაფუთნით ჩვილს, ჩააცვით ოთახის ტემპერატურის შესაბამისად;
✔️ეცადეთ, მის საწოლ ოთახში ხმაური არ შედიოდეს.
✔️თუ ბავშვი სიბნელეში თავს უსიამოვნოდ გრძნობს, დაუტოვეთ სუსტი შუქი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან