მედიცინა

ინფექციური მონონუკლეოზის ფორმები და თავდაცვა

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.05, 2023 წელი

ინფექციური მონონუკლეოზი
დაკოპირებულია

ინფექციური მონონუკლეოზი გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. მას ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს. ეს ვირუსი ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის – ჰერპეს ვირიდეს – წარმომადგენელია. ამ ჯგუფში 2 000-ზე მეტი სახეობის ვირუსი შედის. ყველა ცხოველს საკუთარი ჰერპესვირუსი ჰყავს, ხოლო ადამიანს – საკუთარი.

ეპშტეინ-ბარის ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. განვითარებად და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქვეყნებში მოსახლეობა ადრეული ბავშვობის ასაკში ინფიცირდება; მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ინფიცირება უფრო მოზრდილ ასაკში ხდება. განსაკუთრებით ინტენსიურად კი სქესობრივი მომწიფების, თინეიჯერულ ასაკში. ადრეული ასაკის ბავშვებში ინფექცია მსუბუქად, ხშირად კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, მოზრდილ ასაკში ინფიცირებისას კი უფრო მწვავედ მიმდინარე, კლინიკურად გამოვლენილი ფორმები ვითარდება. ჩვენს ქვეყანაში უფრო ზრდასრული ასაკის პირები ინფიცირდებიან, ამიტომ ჩვენში ხშირია კლინიკურად გამომჟღავნებული ფორმები.

დაავადებას გარკვეული სეზონურობა ახასიათებს. შედარებით ხშირია გაზაფხულზე, გრიპის ეპიდემიის შემდგომ პერიოდში, თუმცა ავად გახდომა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ვირუსის ორგანიზმში მოხვედრასა და ლიმფოციტების ინფიცირებას ყოველთვის არ მოჰყვება კლინიკურად გამოვლენილი დაავადება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა, დაინფიცირდეს, მაგრამ დაავადების მწვავე ფაზა არ გამოუვლინდეს და ვერც კი მიხვდეს, ისე განუვითარდეს ლატენტური ინფექცია. ამაში საგანგაშო არაფერია. მას არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აქვს. ზუსტად არავინ იცის, ეს რაზეა დამოკიდებული.

დაავადება კლინიკურად ყველაზე ხშირად სკოლისა და კოლეჯის მოსწავლეებს, თინეიჯერებს უმჟღავნდებათ, ამიტომ ამერიკაში მას კოლეჯის, თინეიჯერების ან კოცნის დაავადებასაც ეძახიან, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ადამიანებს შორის ახლო და მჭიდრო კონტაქტია საჭირო.

ინფექციური მონონუკლეოზი კლინიკურად მწვავე ინფექციური დაავადებისთვის ჩვეული კლინიკური ნიშნებით ვლინდება. მისთვის დამახასიათებელია:

👉ცხელება, რომელიც კიბისებურად იმატებს: თავდაპირველად დაბალია, ხოლო კვირის ბოლოს ძალიან მაღალ ციფრებს აღწევს;

👉პერიფერიული (განსაკუთრებით – კისრის) ლიმფური ჯირკვლების გადიდება;

– ელენთის გადიდება – ეს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია;

👉ღვიძლის გადიდება – ეს სიმპტომიც ხშირია. ათიდან ცხრა შემთხვევაში ვითარდება მონონუკლეოზური ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), თუმცა მას ქრონიკულ ფორმაში გადაზრდა არ ახასიათებს და საშიში არ არის. როგორც კი ავადმყოფი გამოჯანმრთელებას იწყებს, ჰეპატიტიც უკან იხევს.

არის შემთხვევები, როცა ავადმყოფობაზე მხოლოდ ტემპერატურის ცვალებადობა მიგვანიშნებს და დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები სისხლშიც კი არ შეინიშნება.

იშვიათად შესაძლოა; გამონაყარიც გაჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავადმყოფს სიცხის გამო ანტიბიოტიკოთერაპია ჩაუტარდა. ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში სინთეზური პენიცილინები წითელას მსგავს გამონაყარს იწვევს, ამიტომ ანტიბიოტიკის დანიშვნის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ეპშტეინ-ბარის ვირუსს „უყვარს“ ლიმფოიდური ქსოვილი და მის დაზიანებას იწვევს. ვინაიდან ლიმფოიდური ქსოვილით მდიდარია ტონზილები, მონონუკლეოზის დროს არცთუ იშვიათად ვითარდება ხახის, პირის მიდამოს ტონზილების ანთება. ხშირად ვირუსულ ინფექციას ბაქტერიულიც ერთვის და მძიმე ბაქტერიული ანგინა ყალიბდება.

არცთუ იშვიათად, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, ვითარდება ფილტვების ანთება – პნევმონია.

ჰეპატიტი გართულებად არ მიიჩნევა, ის დაავადების კლინიკური გამოვლინება უფროა. მსუბუქი ჰეპატიტი თითქმის ყველა პაციენტს აქვს, ზოგჯერ ვითარდება მძიმე ჰეპატიტიც, რაც ღვიძლის ფუნქციების დარღვევითა და სიყვითლით ვლინდება. თუმცა სიცოცხლისთვის საშიში ჰეპატიტი მონონუკლეოზისთვის დამახასიათებელი არ არის.

მკურნალობის ხანგრძლივობა და ხასიათი დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი პაციენტები ერთ კვირაში დგებიან ფორმაში, ხოლო საშუალო და შედარებით მძიმე შემთხვევათა განკურნებას, დაახლოებით, 2-3 კვირა სჭირდება. მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ავადმყოფს არანაირი თერაპია არ სჭირდება. მას ისეთივე მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს, როგორიც სიცხიან პაციენტს: სიცხის დამწევი საშუალებების მიღება (მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს), სითხის მიღება და ზომიერი დიეტის დაცვა. დიეტა მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი, სრულფასოვანი ცილებისა და ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებასა და ცხიმის შეზღუდვას გულისხმობს. რთულ შემთხვევაში კი სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.

ვირუსი ორგანიზმს მთლიანად არ ტოვებს, სამუდამოდ რჩება იქ (მილიონიდან ერთი ლიმფოციტი ინფიცირებულია), მისი გააქტიურება კი პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დაავადების რეციდივი მხოლოდ იმუნოდეფიციტის შემთხვევაში ხდება.

მონონუკლეოზის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სხვა სახის სპეციფიკური პროფილაქტიკა არ არსებობს. ეს დაავადება ყოველთვის იყო და იქნება. ერთადერთი, რაც მის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება, ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი