მედიცინა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალგაზრდა ოფთალმოლოგმა – ანა დვალიშვილმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.01, 2022 წელი

ანა დვალიშვილი
დაკოპირებულია

თვალის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი მისი ახალგაზრდა ხელმძღვანელის, ოფთალმოქირურგის, ანა დვალიშვილის ხელმძღვანელობით. ანას პროფესიული ზრდა ევროპის რამდენიმე წამყვან კლინიკაში – პარიზის გლაუკომის ინსტიტუტში, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, თურქეთის თვალის აკადემიაში მიმდინარეობდა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა ორდინატურის კურსს ქალაქ მინსკის რეგიონულ საავადმყოფოში.

ლამაზი და ჭკვიანი ექიმი იშვიათი ოსტატობით, სინატიფით ატარებს ყველა სირთულის ოპერაციას, მათ შორის, რქოვანას გადანერგვას ულტრათანამედროვე აპარატურით.

ანა დვალიშვილი (ოფთალმოქირურგი): მხედველობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს და გვიადვილებს. თუმცა ყველას იდეალური მხედველობა არა აქვს. ზოგს პრობლემები დაბადებიდანვე აღენიშნება, ზოგს ცოტა მოგვიანებით უჩნდება. ასაკის მატებასთან ერთად კი მხედველობის დარღვევები უფრო და უფრო ხშირდება. იყო დრო, როცა თვალთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას ადამიანი სრულ სიბრმავემდე მიჰყავდა. სათვალეც კი არ არსებობდა. უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ოფთალმოლოგიამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა. ექიმებმა ისწავლეს მხედველობის ისეთი დარღვევების და დაავადებების მკურნალობა როგორებიც არის: ბუნდოვანი ხედვა – მხედველობის სიმკვეთრის დაკარგვა და წვრილი დეტალების დანახვის შეუძლებლობა, სიელმე, ასტიგმატიზმი, კატარაქტა, გლაუკომა... თვალის ქირურგია კიდევ უფრო შორს წავიდა და დღეს თვალზე წარმატებით კეთდება ურთულესი ოპერაციები. მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი და კვალიფიციური კონსულტაციაა, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ჩვენს მხედველობას არაფერი დაემუქრება.

– რა მეთოდები და ტექნოლოგიაა დღეს ოფთალმოლოგიის არსენალში?

– საქართველოში ოფთალმოლოგიური პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა ზუსტად იმავე ტექნოლოგიებით ხდება, როგორც ეს წამყვან ევროპულ ქვეყნებში. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და პაციენტზე მორგებული, ინდივიდუალური მკურნალობის ჩატარების საშუალებას გვაძლევს.

– გვიამბეთ იმ უნიკალური ოპერაციის შესახებ, რომელიც თქვენ ჩაატარეთ.

– თქვენ, ალბათ, ხელოვნური რქოვანი ენდოთელიუმის შრის გადანერვგას გულისხმობთ. პაციენტმა მოგვმართა მხედველობის დაქვეითების ჩივილით, რაც გამოწვეული იყო რქოვანა გარსის ქრონიკული დაზიანებით. პაციენტს ჩაუტარდა რქოვანის ხელოვნური ენდოთელიუმის გადანერგვა, ოპერაცია წარმატებით შესრულდა და პაციენტი დინამიკაში დაკვირვებას აგრძელებს.

– თვალის რომელი დაავადებებია დღეს დამარცხებული?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თვალის დაავადების მკურნალობა არის შესაძლებელი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დროულ დადგენას და შესაბამისი მკურნალობის დაწყებას. შეუქცევადი სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზია კატარაქტა – რომლის დროსაც ხდება ბროლის შემღვრევა, შედეგად კი პაციენტს აღენიშნება არამკვეთრი, დაბინდულ მხედველობა და შეგრძნება – თითქოს ნისლიან სივრცეში ხედავ. მათ, ასევე, უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. მსოფლიოს მასშტაბით კატარაქტა არის მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი. კატარაქტის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ქირურგიული ჩარევა. კლინიკაში ოპერაციები უახლესი ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით ტარდება, რისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება. ოპერაცია გულისხმობს მხედველობის სიმახვილის უმტკივნეულო დაბრუნებას რამდენიმე წუთში. ხდება ძველი, შემღვრეული ბროლის შეცვლა ახალი, ხელოვნური ბროლით. ქირურგიული პროცესი უმტკივნეულოა, რადგან ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება.

აუცილებლად უნდა ვისაუბრო გლაუკომაზეც, რომელიც მხედველობის შეუქცევადი დაქვეითებისა და სიბრმავის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია. დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა – ღია კუთხოვანი გლაუკომა უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, პაციენტმა არც კი იცის იმის შესახებ, რომ გლაუკომა აქვს, სანამ დაავადების ბოლო სტადია არ დადგება.

– რა სიმპტომებით ხასიათდება გლაუკომა?

– სიმპტომების არსებობა და გამოვლინება დამოკიდებულია გლაუკომის ფორმაზე, ყველაზე გავრცელებული ფორმა, ღია კუთხოვანი გლაუკომა, უმეტესად სპეციფიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მაინც შეიძლება, გამოვყოთ რამდენიმე არასპეციფიკური სიმპტომი: მოჭერისა და დაძაბვის შეგრძნება თვალების ან შუბლის არეში, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა, რომელსაც პაციენტები ხშირად აღწერენ როგორც „ნისლის არსებობას თვალების წინ ‘’, თვალების სიწითლე, მხედველობის დაქვეითება, ნათელი რგოლების ან მცურავი წერტილების არსებობა თვალების წინ. გლაუკომის განვითარების რისკს მიეკუთვნება ასაკი – 40 წლიდან უკვე აუცილებელია, ერთხელ მაინც დავგეგმოთ ვიზიტი ოფთალმოლოგთან. ასევე, ოჯახური ანამნეზი, თუკი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს გლაუკომის დიაგნოზი, უნდა გვახსოვდეს, რომ უკვე რისკ-ჯგუფში ვიმყოფებით, რადგან ამ დაავადებას ახასიათებს გენეტიკური წინასწარგანწყობა.

სკრინინგი, ანუ დაავადების ადრეული გამოვლენა, საუკეთესო საშუალებაა გლაუკომის შემდგომი პროგრესირების შენელების ან შეჩერების. თითოეულ პაციენტში მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად გლაუკომის ფორმიდან გამომდინარე.

პ.ს. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის – ანა დვალიშვილის ხელმძღვანელობით 2022 წლის თებერვლიდან იწყებს მოსახლეობის საქველმოქმედო ოფთალმოლოგიურ სკრინინგ პროგრამას.

პროექტი უზრუნველყოფს საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეების უფასო, პირველად, სრულ ოფთალმოლოგიურ გამოკვლევას.

აციენტთა მიღება განხორციელდება წინასწარი ჩაწერით!

ტელ.: 032-205-05-00.

მისამართი: თბილისი, წინანდლის 9. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი