იმკურნალეთ მსხლის დახმარებით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.08, 2021 წელი

წინათ მოხარშული მსხალი სასარგებლოდ მიიჩნეოდა, ხოლო უმი – საწამლავად. თუმცა, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ხილი იმაზე გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ის გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, უჯრედისით, ფერმენტებით, B1, B2, C, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის – იოდით), ნახშირწყლებით.
მსხლის სასარგებლო თვისებები
🍐მსხალში შემავალი C ვიტამინი უზრუნველყოფს სისხლძარღვთა ელასტიკურობას. ვიტამინი K არეგულირებს კალციუმის რაოდენობას სისხლში და ახდენს ათეროსკლეროზის პრევენციას. B9 (ფოლის მჟავა) მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში. ბოჭკოვანა — ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას, ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას, გვიქმნის დანაყრების შეგრძნებას. გოგირდი სასარგებლოა კანის, ძვლებისა და თმისთვის
🍐 მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც მუხლების არეში სერიოზული პრობლემები აქვს
🍐მსხალი, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს კაპილარების გამამაგრებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებები არა მარტო ცოცხალ მსხალს, არამედ ჩირსაც აქვს
🍐მისი ჩირისგან ამზადებენ კომპოტს, კისელს, მსხლის ჩირის ნახარში კარგია ბავშვებში კუჭის აშლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. შემწვარი მსხალი უებარია ხველებისას. თუ პატარას შარდში აქვს სხვადასხვა მარილი, უმჯობესია მის რაციონში ხშირად ჩართოთ მსხალი, ის ხელს შეუწყობს შარდიდან მავნე ნივთიერებების გამოდენას
🍐მსხალი ანტიმიკრობული საშუალებაა. ნაყოფში არის ორგანული მჟავები, რომლებიც საკვებზე კუჭის წვენის მარილოვან მჟავასთან ერთად მოქმედებენ. მსხალში არსებული დიდი რაოდენობით პექტინი და მთრიმლავი ნივთიერებები ბაქტერიებს მოძრაობის უნარს უკარგავენ
🍐კალიუმის წყალობით, მსხალი ხელს უწყობს გულისა და კუნთების ნორმალურად ფუნქციონირებას, კალიუმის იონები ორგანიზმში უჯრედების რეგენერაციაზეა პასუხისმგებელი. კალიუმის ნაკლებობის დროს ადამიანს ემატება ნევროზულობა, უძილობა, უხშირდება გულისცემა, მატულობს სისხლში ქოლესტერინის დონე. ამ პრობლემების მოგვარება მსხლის მიღებით არის შესაძლებელი
🍐 მიუხედავად იმისა, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილია, ის ნაკლები რაოდენობით შაქარს შეიცავს და არ იწვევს მადის მომატებას, რაც ვაშლისთვის დამახასიათებელია. რამდენადაც მსხალში ფრუქტოზა გაცილებით მეტია, ვიდრე გლუკოზა, ის ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას, რადგან ფრუქტოზის შესათვისებლად ორგანიზმისთვის აუცილებელი არ არის ინსულინი. სწორედ ამ თვისების გამო მომჟავო-მოტკბო მსხალი დაშვებულია სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაციონში
🍐 მსხლის ნაყოფში არის უნიკალური ეთერზეთები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ძალებს აძლიერებს, ეწინააღმდეგება ინფექციურ დაავადებებს, მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ და ებრძვის დეპრესიასაც კი
მსხლის უკუჩვენება
🍐 უკუჩვენება – მართალია, მჟავე და მაგარი ჯიშის მსხალი აძლიერებს კუჭსა და ღვიძლს, მაგრამ ორგანიზმი მათ ძნელად ითვისებს. ამიტომ ამ ჯიშის მსხალი არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ნერვული სისტემის პრობლემები აქვთ. მსხლის მირთმევისგან უმჯობესია თავი შეიკავონ, ასევე მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები აწუხებთ.
🍐 მსხლის ჭამა არ არის რეკომენდებული მშიერ კუჭზე, რადგან შესაძლოა, ნაწლავის ლორწოვანი გააღიზიანოს. ხოლო მსხლის მიღების შემდეგ სასურველია არ მიირთვათ ხორცი ან სხვა მძიმე საჭმელი. საუკეთესოა, თუ მსხალს კვებიდან ნახევარი ან ერთი საათის შემდეგ შეჭამთ. თავი შეიკავეთ მსხალზე წყლის მიყოლებისგან, განსაკუთრებით, თუ წყალი ცივია. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყველაფერი მავნეა – 1-2 ცალი მსხალი დღეში სრულიად საკმარისია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან