იმკურნალეთ გარგარის დახმარებით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.07
გარგარი, ეს გემრიელი ხილი, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ თვისებებს, არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გაჩენის პროფილაქტიკური საშუალება.
ხილში მაგნიუმის შემცველობა მას ძალზე სასარგებლოს ხდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნებისმიერი დარღვევისას, რადგან აწესრიგებს გულის კუნთის მუშაობას. გარგარი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, აბრკოლებს ქოლესტერინის საცობების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და აქტიურად მოქმედებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.
გარგარს (ახალსაცა და ჩირსაც) მსუბუქი გამხსნელი ეფექტი ახასიათებს. მწიფე გარგარი ქრონიკული შეკრულობისთვისაც მისწრებაა, ხოლო თუ რამდენიმე ცალ გარგარის ჩირს – კურაგას, ღამით მდუღარე წყალს დავასხამთ და დილით ნაყენთან ერთად მივიღებთ, უებარი საშუალებაა ნაწლავების მოქმედების მოსაწესრიგებლად.
გარგარის კურკის გულს ხშირად იყენებენ, როგორც ამოსახველებელ და დამამშვიდებელ საშუალებას ხველების, ბრონქიტისა და ლარინგიტის დროს.
სამკურნალოდ გამოიყენება ასევე, გარგარის ფოთლები – გამხმარი სახით ის დიარეასთან გამკლავებაში დაგვეხმარება, ამასთან, ორგანიზმს ეხმარება ჭიებისგან გათავისუფლებაში. ახალ, დასრესილ ფოთოლს თუ დაზიანებულ ადგილზე დაიდებთ, ჰემატომა სწრაფად გაივლის. ასევე, შეიძლება, ახალი ფოთლის დაღეჭვა – ის კბილების ნადების საწინააღმდეგოდაც კარგია და ასევე, ამცირებს სტომატიტის სიმპტომებს.
მართალია, სასარგებლო თვისებების მხრივ, გარგარი ნამდვილი განძია, მაგრამ მას უკუჩვენებებიც აქვს. მისი მიღება დაუშვებელია უზმოზე, ხორცისა და ძნელად მოსანელებელი პროდუქტების მიღების შემდეგ – ამან შესაძლოა, საჭმლის მონელების პროცესი დაარღვიოს.
ცოცხალი გარგარის მიღება უკუნაჩვენებია მომატებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებების დროს.
გარგარის მიღება უნდა შეიზღუდოს პანკრეატიტისა და ღვიძლის პათოლოგიებისას. განსაკუთრებით უკუნაჩვენებია გარგარის ნებისმიერი სახით მიღება დიაბეტის დროს – ის ზედმეტად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.
კაროტინის ნაკლებობის პირობებში, შესაძლებელია გარგარის გამოყენება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ვიტამინი არ აითვისება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას. მსგავს შემთხვევებში, სასურველია, ვიტამინი A სუფთა სახით მივიღოთ.
ასევე, დღეში 10-15-ზე მეტი ცალი გარგარის მირთმევის შემთხვევაში შესაძლოა, დიარეაც კი დაგვემართოს. არ ღირს არც გარგარის ჩირის ბოროტად გამოყენება: იშვიათ შემთხვევაში, ის წნევის დავარდნას, სუნთქვის გაძნელებასა და თავბრუს იწვევს
ახალი გარგარი აბსოლუტურად უვნებელია მათთვისაც კი, ვინც ჭარბწონიანია, რადგან 100 გრამი პროდუქტი 42 კილოკალორიას შეიცავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან