მედიცინა

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი - ყველაზე სანდო და ძლიერი ცენტრი ჰემატოლოგიურ პრობლემებთან სამკურნალოდ

№2

ავტორი: „თბილისელები“ 14:05 13.01

მარინა აბაშიძე
დაკოპირებულია

გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი თავისი მრავალწლიანი მდიდარი და ძლიერი ფესვებითა და ტრადიციებით უცვლელად აგრძელებს ჰემატოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების მომსახურებას. ინსტიტუტს წლებია,ხელმძღვანელობს ქალბატონი მარინა აბაშიძე, რომლის გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი უწყვეტად და ჩვეული შემართებით საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევს რთულ პაციენტებში.

მარინა აბაშიძე: დავიბრუნეთ ჩვენი ძველი სახელი – ვართ აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი. იცით, რომ ახალ მისამართზე ვართ, სადაც პაციენტები აქტიურად გვაკითხავენ.

– გადავიდეთ ჰემატოლოგიურ დაავადებებსა და მათ დიაგნოსტიკაზე, რა სიმპტომები ახასიათებს ლეიკემიას?

– ლეიკემიების, დაახლოებით, 70 პროცენტის შემთხვევაში დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურითა და ძვლების ტკივილით, დაახლოებით 30 პროცენტში ეს დაავადება მხოლოდ საკონტროლო ანალიზზე გამოვლინდება.

– ბოლო წლებში განსაკუთრებით ხშირია რკინადეფიციტური ანემიები, რას შეიძლება დავუკავშიროთ ეს ტენდენცია?

– ნამდვილად ძალიან ხშირად ვხვდებით რკინადეფიციტურ ანემიებს, იცით, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებში ვეგეტარიანელობის აქტიური ტენდენციაა, თუ უარს იტყვით ხორცსა და სხვა საჭირო პროდუქტებზე, აუცილებლად დადგებით ამ პრობლემის წინაშე. რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, რკინადეფიციტური ანემიები უფრო მეტად ქალების პრობლემაა, ვიდრე მამაკაცების.

– რატომ აქვთ ეს პრობლემა უფრო მეტად ქალებს?

– ჭარბი მენსტრუალური ციკლი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ამ პროცესებს ორგანიზმიდან გამოაქვს რკინა და საჭიროა დავეხმაროთ და რაიმე ფორმით მივაწოდოთ, ვინაიდან არც რკინა და არც B12 ვიტამინი ორგანიზმში არ გამომუშავდება. ჩემს სტუდენტებთან საუბრის დროს სულ ვუსვამ ხაზს, რომ ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პროცესში ემბრიონსა და შემდეგ უკვე ჩვილს დედისგან გადაეცემა საჭირო ვიტამინები, ამიტომ მიყოლებული, ყოველწლიური ორსულობა არ შეიძლება, საჭიროა მინიმუმ 2-3-წლიანი შუალედი, იმისთვის, რომ არ გამოიფიტოს ქალის ორგანიზმი, ჯანმრთელ შვილს ჯანმრთელი მშობელი სჭირდება. გარდა ამისა, თუ დედას აქვს რკინადეფიციტური ანემია, ბავშვი, რა თქმა უნდა, იმავე პრობლემით დაიბადება, რისი გამოსწორებაც უფრო რთულია. ახალშობილებში რკინადეფიციტური ანემია დაბადებისთანავე არ გამოვლინდება, ამის აღმოჩენა 3 თვიდანაა შესაძლებელი. ახალშობილს თუ ნორმაში აქვს ჰემოგლობინი, უნდა ჩავთვალოთ, რომ მას ცოტა ხანში რკინადეფიციტური ანემია გამოუვლინდება. საჭიროა, ჰქონდეს ნორმაზე ცოტა მაღალი.

– ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო პირობები თუ გაქვთ ინსტიტუტში?

– აქ პალატები არ გვაქვს, ყველა პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, არ ვაკეთებთ ტრანსპლანტაციას, რასაც აუცილებლად სჭირდება სტაციონარი, ტრანსპლანტაციისთვის საჭიროა შეგროვდეს ძვლის ტვინის დონორთა საკმარისი რაოდენობა, რაც ჩვენთან არ არის, აღსანიშნავია, რომ ძვლის ტვინის დონორი აუცილებლად ოჯახის წევრი უნდა იყოს. გვაქვს ქიმიოთერაპიის ოთახი, რეანიმაციის პალატა, სადაც გავაჩერებთ პაციენტებს, გვყავს ექიმი რეანიმატოლოგიც.

– მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჰემატოლოგიური კლინიკა გაჩნდა, თქვენი ცენტრი რჩება ძველ, მყარ და ძლიერ ტრადიციებზე დაფუძნებულ ყველაზე სანდო და საიმედო ინსტიტუტად ჰემატოლოგიის მიმართულებით...

– დღეს ძალიან ბევრი ჰემატოლოგიური კლინიკაა, ზოგი მრავალპროფილურია, ზოგი – ჩვენსავით მონოპროფილური. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ინსტიტუტი მართლაც უნიკალურია, ჩვენთან საერთო ანალიზი ითვლება როგორც ანალიზატორით,ისე თვალით, გვაქვს საუკეთესო იაპონური ანალიზატორი, მაგრამ მანქანამ თვალი ჯერჯერობით ვერ შეცვალა.

– აღსანიშნავია თქვენი ძლიერი და გამოცდილი გუნდიც...

– ნამდვილად არაჩვეულებრივი სპეციალისტები გვყავს, ყველას გვაქვს ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგის ლიცენზია, პლუს ონკოჰემატოლოგის დანართი, ანუ ჩვენ შეგვიძლია, დიაგნოზი დავუსვათ და ვუმკურნალოთ რკინადეფიციტურ ანემიას, B12 დეფიციტურ ანემიას, აპლასტიურ ანემიას, ფოლიუმმჟავა დეფიციტურ ანემიას, ყველა ტიპის ანემიებს. გარდა ამისა, შეგვიძლია, ნებისმიერი ტიპის ლეიკემიების დიაგნოსტირება. მიელომას დიაგნოზი საქართველოში მხოლოდ აქ ხდება, რადგან ამას სჭირდება თავისი ანალიზატორი, რაც მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ერთადერთი დაწესებულება ვართ, სადაც ვმკურნალობთ ქრონიკულ მიელოიდურ ლეიკემიას, ეს უმძიმესი დაავადებაა, რომლის შემთხვევაშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 5 წელი იყო. დღეს კი, ტარგენტული თერაპიის საშუალებით, 21 და 22-წლიანი პაციენტები გვყავს. ეს არის ტარგენტული თერაპია გლივეკით, გლივეკის მეორე და მესამე თაობას ჩვენც ვიღებთ, საბედნიეროდ, მოვნახეთ ჰუმანიტარული ფონდი, რომელიც უფასოდ გვიგზავნის. რეალურად ერთი პაციენტის მკურნალობის ღირებულება წელიწადში, საშუალოდ, 50 ათასი ევროა. .მნიშვნელოვანია მკურნალობის ქრონიკულობა, რადგან შეწყვეტის შემთხვევაში 2-3 თვეში დაავადება ისევ თავს იჩენს. მკურნალობის შემთხვევაში ისეთი ანალიზები აქვთ პაციენტებს, ჰემატოლოგიც კი ვერ მიხვდება, რომ მას ლეიკემია აქვს. მათი ცხოვრების ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ ამ შედეგის შესანარჩუნებლად საჭიროა, არ შეწყდეს წამლის მიღება. პარიზში გახლდით კონგრესზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის კორიფეები, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა ყველაზე ბარბაროსული მეთოდია და მას ბევრად ჯობს ტარგენტული თერაპია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა