გვირილა - სასარგებლო მცენარე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.06, 2024 წელი

გვირილა არა მარტო ლამაზი ყვავილია, არამედ ძალიან სასარგებლო მცენარეც. იყენებენ მრავალი დაავადების დროს, ესენია: ბაქტერიული და ანთებითი წარმოშობის ეპითელური ქსოვილების დაავადებები, ნაღველმდენი სისტემის დაავადებები და დარღვევები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, კუჭის დაავადებები, ლორწოვანი გარსის ანთებითი, ეროზიული დაზიანებებით, შარდმდენი სისტემის ორგანოებისა და გზების ანთება, ქსოვილების, ორგანოების სხვა ანთებითი პროცესები, სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ ინდივიდუალურ ჰიპერსენსიტიურობასთან დაკავშირებული დაავადებები (ბრონქული ასთმა, ეგზემა, ალერგიული ეტიოლოგიის გასტრიტები), ტკივილის სინდრომის დაქვეითება, მათ შორის კბილისა და შაკიკის ტკივილის, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, განგაშის შეგრძნება, ტრავმები, შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმვა, მენსტრუალური ტკივილი, რესპირატორული დაავადებები.
გარდა შინაგანი მოხმარებისა, იყენებენ გარეგნულადაც, კერძოდ, პირის ღრუში ანთებითი პროცესებისას სავლების სახით; კანის დაზიანებებისას, როგორიცაა – დამწვრობა, მოყინვა, წყლული, ეროზია, ეგზემა, ანთებითი ხასიათის გამონაყარი, ჭრილობები; თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესებისას, ჰემოროიდალური კვანძების ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად, აკნეს დროს, რევმატიზმის, პოდაგრის შეტევების, გაჭიმვის, ნაღრძობის, ართრიტების დროს – კომპრესების სახით. ხელისგულების მომატებული ოფლიანობისას.
გვირილის ნაყენის მოსამზადებლად 4 სადილის კოვზ მშრალ გვირილას დაასხით 300 მილიგრამი მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ორთქლზე გააჩერეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ. შეიძლება თაფლის დამატება. ნაყენი შეინახეთ მაცივარში, ოღონდ არაუმეტეს 2 დღისა.
სედატიური ეფექტის მისაღებად და მეტეორიზმის შესამსუბუქებლად გამოიყენება გვირილის ჩაი. მეტი ეფექტისთვის ჩაის სხვა მცენარეებთან ერთად ამზადებენ. მაგალითად, აიღეთ მშრალი გვირილის ყვავილები, კვლიავის თესლი და კატაბალახას ფესვები თანაფარდობით 3:5:2 (მაგალითად, 6 კოვზი გვირილა, 10 კოვზი კვლიავის თესლი და 2 კოვზი კატაბალახას ფესვი). მცენარეების ნაზავი აურიეთ, ორ კოვზ ნაზავს დაასხით 400 მილიგრამი, ანუ ორი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი, შემდეგ გადაწურეთ (გაწურეთ მცენარეებიც). მიიღეთ როგორც სედატიური, დამამშვიდებელი საშუალება, 100 მილიგრამი (1/2 ჭიქა) დილით და საღამოს საათებში.
კანის დაავადებების, კრუნჩხვების, უძილობის, შფოთვის, ფეხების შესიების დროს ძალზე ეფექტურია გვირილის აბაზანები. აბაზანისთვის მცენარე უნდა გამოიყენოთ მთლიანად, ფესვების ჩათვლით. 500 გრამს დაასხით 2 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ჩაუმატეთ აბაზანაში დაგროვილ თბილ წყალს. თითო აბაზანის ხანგრძლივობაა 30 წუთი, დღეგამოშვებით, კურსი – ორი კვირა.
გვირილას აქტიურად იყენებენ კოსმეტიკაში. ის შედის ლოსიონების, კრემების, შამპუნების შემადგენლობაში. სახლის პირობებში გვირილის ნაყენი და ნახარში გამოიყენება კანის სიმშრალის საწინააღმდეგოდ, ანთებითი პროცესების შესამცირებლად, თმის სიმაგრისა და მისთვის ბრწყინვალების მისაცემად, ქერტლის წინააღმდეგ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან