გონების სავარჯიშოები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.04, 2021 წელი

გაახურეთ ტვინი – გახურება არა მხოლოდ კუნთებს და სახსრებს, არამედ ამ მეტად მნიშვნელოვან ორგანოსაც სჭირდება. ზრდასრულ ასაკში ახლის სწავლას ვწყვეტთ და მხოლოდ ძველ ჩვევებს ვიყენებთ. კარგი მეხსიერების შესანარჩუნებლად კი ტვინს მუდმივი სტიმულირება სჭირდება. ამისთვის დაისახეთ რთული ამოცანები. დაიწყეთ ახალი საქმე, რაც სრულ კონცენტრირებას მოითხოვს. მაგალითად, ისწავლეთ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან ხელსაქმით დაკავდით. მთავარია, რომ ეს თქვენთვის ახალი იყოს.
შეისწავლეთ უცხო ენა – კვლევები ადასტურებს, რომ უცხო ენების შესწავლა ტვინის მოქნილობის შესანარჩუნებლად და მეხსიერების პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო მეთოდია. დაიწყეთ მარტივით და თანდათან მოუმატეთ სირთულის დონე. ენის შესწავლა სხვა მხრივაც დაგეხმარებათ. ცოდნასაც გაიფართოვებთ, პროფესიულადაც განვითარდებით, ტვინიც ეფექტურად იმუშავებს და კარგ მეხსიერებასაც შეინარჩუნებთ.
თვალებდახუჭულმა შეასრულეთ ზოგიერთი ყოველდღიური აქტივობა – ყოველდღე რამდენ რამეს აკეთებთ მექანიკურად – რამდენ ნაბიჯს დგამთ ქვედა სართულზე ჩასასვლელად? ან რამდენი თეფშია თქვენი სამზარეულოს კარადაში? სავარაუდოდ, ამ კითხვებზე პასუხი არ გექნებათ, რადგან ხშირად ყოველდღიურ, რეგულარულ აქტივობებს უყურადღებოდ ვასრულებთ. გვირჩევენ, რომ ზოგი აქტივობა თვალებდახუჭულმა შევასრულოთ. მაგალითად, შხაპის მიღება, ერთი ოთახიდან მეორეში გასვლა და ასე შემდეგ. როცა თვალდახუჭული შეეხებით საგანს და ტვინს მიაწვდით ინფორმაციას თქვენი შეგრძნების შესახებ, ის უფრო აქტიურად ამუშავდება.
უთხარით „არა“ ავტომატურ მოქმედებას – ჩვენ ყოველდღე ერთი და იმავე საქმეს ვასრულებთ: კბილებს ვიხეხავთ, სამსახურში მივდივართ, საჭმელს ვამზადებთ. ამ შემთხვევაში ტვინი არ იძაბება და „ავტოპილოტის“ რეჟიმს რთავს. ძველი ჩვევები ოდნავ შეცვალეთ. მაგალითად, სახლიდან სამსახურამდე ახალი გზით მიდით, კბილები მეორე ხელით გაიხეხეთ, მენიუ შეცვალეთ, ესტუმრეთ ახალ ადგილებს – ასე ტვინს გაღვიძებასა და გააქტიურებას აიძულებთ.
ამოხსენით კროსვორდები – თავსატეხები და კროსვორდები ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა. მათი დახმარებით არა მხოლოდ ლექსიკურ მარაგს გაიფართოებთ, ტვინის ისეთ ნაწილებს გააქტიურებთ, რომლებიც რუტინულ პროცესში ნაკლებად ერთვებიან. კროსვორდები ლოგიკურ აზროვნებასა და კონცენტრაციის უნარს ავითარებენ. მეხსიერების სავარჯიშოდ სასარგებლოა ფაზლების აწყობაც. სკოლაში ბევრი მასალის დამახსოვრების საჭიროება შემთხვევითი არ არის. მცირე ფრაგმენტების დამახსოვრებისას აუცილებლად ხმამაღლა წარმოთქვით ის, ასე ტექსტს უკეთ დაიმახსოვრებთ. ამ მეთოდით მეხსიერებას გაავარჯიშებთ და აზროვნებას უფრო ნათელს, წარმოსახვითს გახდით. ეს მეთოდი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ. თუ ლექსებს ზეპირად დაიმახსოვრებთ, ეს სიტყვების მარაგს შეგმატებთ და ზოგადად, ჰორიზონტს გაგიფართოებთ.
სოციალიზაცია – გადით გარეთ, დაელაპარაკეთ ხალხს და იხსენით ტვინი უსიცოცხლობისგან. როცა ხალხს ელაპარაკებით, ტვინი ინფორმაციის მიღებასა და გადამუშავებას იწყებს. იმ ადამიანებთან ურთიერთობას კი, რომლებიც თქვენგან განსხვავებულები არიან, კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, რადგან ტვინი ახალ იდეებსა და ფიქრებს იღებს. თუ საერთოდ არ ხართ სოციალური, ამან შესაძლოა, თქვენს მთლიან გონებრივ უნარზე იქონიოს გავლენა.
მეხსიერების გასააქტიურებლად შემდეგი ვარჯიშები გამოგადგებათ: თავში აღადგინეთ სამუშაოსკენ მიმავალი გზა, უმცირესი დეტალებიც გაიხსენეთ. ყურადღება მიაქციეთ ცალკეულ ობიექტებს, წვრილმანებს.
გონებით გაისეირნეთ ბინაში და გაიხსენეთ – სად რა გიდევთ, როგორ გამოიყურება ესა თუ ის საგანი. ეს შესანიშნავი მეთოდია კონცენტრაციის გასავითარებლად და ტვინის სამუშაოდ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან