გოგრის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.12, 2021 წელი
გოგრას ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ მისგან მომზადებული კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებისთვის. მისი ნარინჯისფერი რბილობი არ იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, ამიტომ ის ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას.
გოგრის მინერალური შემადგენლობა (სპილენძის, ფოსფორისა და რკინის ბევრი მარილი) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის, ამიტომაც მისი მიღება კარგია ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა შეურიგებელი მებრძოლია მავნე ქოლესტერინთან.
ძალიან სასარგებლოა გოგრა ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ის ერთსა და იმავე დროს კუჭის გამხსნელი და შარდმდენი საშუალებაა;
გოგრის კერძები ასევე რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების სტადიებში, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს.
არომატული და ტკბილი გოგრის ნაჭერი შვებას ჰგვრის ადამიანს „ზღვის დაავადების“ დროს, ორსულს – ტოქსიკოზისას.
გახეხილი გოგრის ფაფა შესანიშნავი კომპრესია ეგზემის, დამწვრობისა და მუწუკოვანი გამონაყრის დროს. ნედლი, გახეხილი გოგრის პიურე შესანიშნავი საშუალებაა კუჭის შეკრულობის დროს.
თირკმელების სამკურნალოდ გამოიყენება არა რბილობი, არამედ უმი გოგრის წვენი – ნახევარი ჭიქა დღე-ღამეში. ტკბილ ნარინჯისფერ წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აუმჯობესებს ძილს. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. უძილობის შემთხვევაში კი – ნახევარი ჭიქა ღამით, დაწოლამდე..
გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები და თირკმელებისგან გამოწვეული შეშუპება. ასეთი პრობლემების დროს ავადმყოფმა 4 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს გოგრა უმი სახით ნახევარი კილოგრამი დღე-ღამეში და 1,5 კილოგრამი კი – მოხარშული ან შემწვარი.
მთელი რიგი დაავადებების დროს ნამდვილი პანაცეაა გოგრის თაფლი: 1 კილოგრამ გასუფთავებულ და გახეხილ გოგრას უმატებენ 200 გრამ შაქარს, კარგად აურევენ და დააყენებენ. გამოყოფილ წვენს აცალკევებენ რბილობისგან და დაბალ ცეცხლზე ათბობენ გასქელებამდე. ბოლოს უმატებენ მიხაკსა და დარიჩინს.
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. შედარებით ნაკლებია მასში D და K ვიტამინი. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. კერძოდ, მას აქვს შარდმდენი და მსუბუქი გამხსნელი მოქმედება, ამაგრებს გულის კუნთს, აფერხებს კუჭსა და ნაწლავებში აირთა წარმოქმნას, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს თმის ზრდას, გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილები.
ჩვილი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გოგრის თესლის ფაფა. თუ პატარას გოგრის ფაფა უკვე გაასინჯეთ, ფაფა მისი თესლისგანაც მოუმზადეთ: გაარჩიეთ და ბლენდერით რძესთან ან წყალთან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ ცოტა თაფლი და ხილის წვენი. კარგია, როგორც ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება. მიეცით ბავშვს დილით, უზმოზე, ორ ულუფად, ნახევარსაათიანი შუალედით. იგივე ნაზავი მოზრდილებსაც მოგიგვარებთ ჭიებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის ჭიქა გარჩეული თესლი, ბლენდერით ათქვიფეთ და თანდათან დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ კარგად. მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში. თირკმელებისთვის სასარგებლოა, ასევე, გოგრის თესლის ჩაი: გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, 1 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან