მედიცინა

გოჩა ბარბაქაძის ამერიკული და ევროპული გამოცდილება გასტროენტეროლოგიაში

№51

ავტორი: მაკა ჯიქია 13:30 28.12, 2021 წელი

გოჩა ბარბაქაძე
დაკოპირებულია

კლინიკა „ენმედიცი“ წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც პაციენტებს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. აქ დაგხვდებათ კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა... უკვე წლებია, რაც „ენმედიცის“ გუნდის წევრი და კლინიკის წამყვანი გასტროენტეროლოგი გახლავთ პროფესორი გოჩა ბარბაქაძე, რომელიც უპირობო ლიდერია გასტროენტეროლოგიაში. მის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს უამრავი კმაყოფილი პაციენტი და არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე. გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც ბატონმა გოჩამ კარიერაზე, პროფესიასა და არაერთ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.

გოჩა ბარბაქაძე: თბილისში დავიბადე, სკოლაც ამ ქალაქში დავამთავრე და შემდეგ ჩავაბარე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. მაშინ სამედიცინოზე სწავლა ძალიან საამაყო იყო. თან, იმ პერიოდში ერთადერთი ინსტიტუტი გახლდათ, სადაც ეს სფერო ისწავლებოდა, დღეს მრავალი ალტერნატივაა. ასპირანტურა პროფესორ ბაადურ რაჭველიშვილთან გავიარე, გასტროენტეროლოგთან, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი პროფესიონალიზმითა და ცოდნით. ბატონი ბაადური, დიდად საპატივცემულო პიროვნება იყო. 2022 წელს მისი 100 წლის იუბილე აღინიშნება და ჩვენ ამ თარიღს კონფერენციას მივუძღვნით... მოგვიანებით დავიცავი სადოქტორო ნაშრომი, ჩემი თანახელმძღვანელი გახლდათ გერმანელი პროფესორი ვოლფრანგ შტრემელი... ერთწლიანი პრაქტიკა გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კლინიკაში გავიარე და დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა ქრონიკული C ჰეპატიტის მართვას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის საკითხი, რომელმაც პირველად ჩემს სადოქტორო ნაშრომში გაიჟღერა – ციტოკინების შტორმი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით კორონავირუსით ინფიცირების დროს.

– ასევე, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ხართ...

– დიახ, ამ სფეროში მრავალი ნაშრომისა და სამედიცინო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი ვარ. ხშირად მიწევდა უცხოეთში სამეცნიერო მივლინებებით გამგზავრება, მათ შორის: ავსტრიაში, ტიროლის სამხარეო საავადმყოფოში და ინსბრუკის, ზალცბურგის უნივერსიტეტების შინაგან დაავადებათა კლინიკაში; ასევე, ვენის უნივერსიტეტის კლინიკაში, სადაც AAF გრანტით გავემგზავრე; გერმანიაში კი, ზაარლანდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კლინიკაში DAAD გრანტით გახლდით, ასევე, ვიმყოფებოდი ჰაიდელბერგისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კლინიკაში და შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტის ჰეპატოლოგიის კლინიკაში. 2015 წელს მოვიპოვე ამერიკის საელჩოს გრანტი და მივლინებული ვიყავი ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკაში. 2016 წელს გახლდით დიდ ბრიტანეთში, ტრანსპლანტაციის ცენტრში - King’s College Hospital. ამ ყოველივემ, ბუნებრივია, გაამდიდრა ჩემი ცოდნა და გამოცდილება. 2015 წლიდან ვმუშაობ „ენმედიცში“ გასტროენტეროლოგად და ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სარეზიდენტო პროგრამის კურატორი გახლავართ გასტროენტეროლოგიაში.

– არაერთი მოგონება გექნებათ გასახსენებელი უცხოეთში მიღებული პრაქტიკიდან...

– დიახ, ბევრია. როცა პირველად ვიყავი ჰაიდელბერგში ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი. იქ მომცეს ექიმად მუშაობის უფლება, რაც ჩემთვის დიდი მიღწევა იყო. პირველი შემოვლის შემდეგ პროფესორმა მკითხა, გასაგები იყო თუ არა ყველაფერი. მეც დავეთანხმე. მაშინ, ხვალ შემოვლაზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელიო, მიპასუხა. ახალი პაციენტები ჰყავდათ მიღებული, მოვამზადე თითოეული მათგანის ქეისი და მოვახსენე პროფესორს. საჯაროდ არაფერი უთქვამს, თუმცა შემდეგ დოცენტისგან გავიგე, რომ შევუქივარ. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება – ახალმა ჩასულმა შევძელი მათზე შთაბეჭდილების მოხდენა.

– რას მოიცავს თქვენი მიმართულება?

– გასტროენტოლოგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს მოიცავს – საყლაპავიდან დაწყებული, კუჭის ღრუსა და ნაწლავის მწვავე, ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული. ფართო მიმართულებაა და ბევრ რამეს მოიცავს. გასტროენტლოგია, ასევე, იკვლევს ღვიძლის დაავადებებს, ჩემი სადოქტორო ნაშრომიც სწორედ ამიტომ ეხებოდა C ჰეპატიტს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ჩემს გამოცდილებას ემატება რადიოლოგიაში გავლილი კურსი, რაც საშუალებას მაძლევს, კომპლექსურად შევაფასო პაციენტი. ჩვენს კლინიკაში კი ნებისმიერი ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი.

– რასთან არის დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის დაავადებები?

– უპირველეს ყოვლისა, კვებასთან და ცხოვრების წესთან. ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ჭარბი, არასწორი, როგორც მუდმივად დაბალკალორიული, ასევე მაღალკალორიული რაციონი. თუმცა, ამ მხრივ, გენეტიკური ფაქტორიც მნიშვნელოვანია, მათ შორისაა კუჭის წყლული და ნაწლავის ანთებადი დაავადებები, რაც მეცნიერულად არის დამტკიცებული.

– რამდენად ხშირია მომართვიანობა?

– საქართველო ღვინის ქვეყანაა, სხვადასხვა კუთხეს თავისი სპეციფიკა აქვს, გარდა ამისა, სწრაფი კვების ობიექტებიც ბევრია ქალაქში, აქედან გამომდინარე კი, ბოლო წლებში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია.

– რომელი მეთოდით მკურნალობთ ღვიძლის დაავადებებს?

– ღვიძლის სიმსივნურ დაავადებებს მიკროტალღური აბლაციის მეთოდით ვმკურნალობთ. პირადად ვარ ჩართული პაციენტის მომზადებისა და რეაბილიტაციის პროცესში. უშუალოდ ოპერაციას კი ჩვენს კლინიკაში ბატონი ოლეგ კვიციანი აკეთებს (თუმცა ქირურგთან ერთად მეც ჩართული ვარ ამ პროცესში). აბლაცია საკმაოდ ეფექტური მეთოდია ღვიძლის პირველადი და მეორადი სიმსივნის სამკურნალოდ.

მისამართი: ქ.თბილისი,

წინანდლის ქუჩა ¹9 (მეტროს სადგურ „300 არაგველის”

მიმდებარედ).

ტელეფონი: (+995 32) 2-774-000;

2-771-000; 2-775-368.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა