მედიცინა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა – სიმპტომები და ცხოვრების წესი

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.05, 2022 წელი

შფოთვითი აშლილობა
დაკოპირებულია

უკვე კარგა ხანია, სტრესულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, რის გამოც ემოციური ბალანსის დაკარგვისა და შფოთვის იშვიათი ეპიზოდები, ალბათ, ბევრისთვისაა ნაცნობი, მაგრამ როდესაც შფოთვა და ნერვიულობა ინტენსიურ ხასიათს იღებს და იქამდე მიდის, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე უარყოფითად აისახება, ეს შესაძლოა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ნიშანი იყოს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა სიმპტომური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი ფსიქიკური ნიშნებია: მუდმივი ღელვა და შფოთვა ისეთ საკითხებზე, რომელთა რეალური მნიშვნელობაც ჩვენთვის არცთუ ისე დიდია; გადაჭარბებული ფიქრი სიტუაციის ყველაზე უარეს გამოსავალზე; სიტუაციებისა და მოვლენების მტკივნეულად აღქმა, როცა სინამდვილეში საშიში არაფერია; გაურკვევლობასთან შეგუების სირთულე; მერყეობა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების შიში; შფოთვისა და მღელვარების მოთოკვის შეუძლებლობა; რელაქსაციის, მოდუნების, დასვენების უუნარობა; კონცენტრაციის უნარის შეზღუდვა.

იწვევს შემდეგ სიმპტომებს: დაღლილობას, ძილის დარღვევებს, ნევროზულობას, სიმფრთხალეს, გაღიზიანებადობას, ოფლიანობას, კუნთების დაჭიმულობას ან ტკივილს, კანკალს და კრუნჩხვის შეგრძნებას, გულისრევას, დიარეას, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს.

ბავშვებთან და თინეიჯერებთან სიმპტომები მოზრდილთა მსგავსია. მათი გადაჭარბებული შფოთვა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სასკოლო ან სპორტულ აქტივობასთან, ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან, პუნქტუალურობასთან, დროის მენეჯმენტთან;

შფოთვითი პრობლემების მქონე ბავშვი ან მოზარდი შესაძლოა, თავიდან იწყებდეს საქმის კეთებას, როცა მიიჩნევს, რომ პირველი მცდელობისას სათანადოდ ვერ გააკეთა; მეტისმეტად ბევრ დროს უთმობდეს საშინაო დავალებების შესრულებას; აკლდეს თავდაჯერება; გადაჭარბებულად ცდილობდეს თავის დამკვიდრებას; ხშირად უჩიოდეს მუცლის ტკივილებსა და სხვაგვარ ფიზიკურ დისკომფორტს; თავს არიდებდეს სკოლაში წასვლას და სხვა სოციალურ აქტივობებს.

შფოთვის ზოგიერთი ფორმა ნორმალურია და ჩარევას არ მოითხოვს, მაგრამ თუ შფოთვა გადაჭარბებულია და სამსახურსა და ყოველდღიურ ურთიერთობებზეც აისახება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მიჩნეულია, რომ ეს აშლილობა ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც სავარაუდოდ, ზრდის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის განვითარების რისკს. მაგალითად:

👉პიროვნული თავისებურებები – ამ პათოლოგიის განვითარების რისკის წინაშე უფრო ხშირად დგანან შედარებით მშიშარა და ნეგატიური ფიქრებისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც ყველგან საფრთხე ეჩვენებათ;

👉 გენეტიკა – გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას შესაძლოა ოჯახური ხასიათი ჰქონდეს;

👉 მწარე გამოცდილება – ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, ვის ბავშვობაში ან ახლო წარსულში რაიმე ტრაგიკული მოვლენა მოხდა. რისკი, ასევე, შესაძლოა, გაზარდოს ქრონიკულმა დაავადებებმა და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებმა.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს კონცენტრაციის უნარის დაქვეითების გამო ადამიანს უჭირს სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულება. შფოთვა გვართმევს ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, გვაცლის ენერგიას.

გენერალიზებულმა შფოთვითმა აშლილობამ შესაძლოა, ფიზიკური ჯანმრთელობის დამძიმებაც გამოიწვიოს. კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, წყლულები ლორწოვანზე, თავის ტკივილი, შაკიკი, ძილის დარღვევები, ინსომნია (უძილობა), გულის პრობლემები.

არსებობს რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც რისკის შემცირებაში დაგვეხმარება: დროულად მიმართეთ ექიმს. შფოთვითი აშლილობები, ისევე როგორც მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მით უფრო რთული სამკურნალოა, რაც უფრო შორსაა წასული. აწარმოეთ დღიური. ეცადეთ, მუდმივად აღნუსხოთ თქვენი ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები. გაანაწილეთ პრიორიტეტები. შფოთვისა და ნერვიულობის შემცირება შესაძლებელია დროისა და ენერგიის სწორად განკარგვით. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთვითი მდგომარეობა ან დაამძიმოს უკვე არსებული პრობლემა. უფრო მეტად იაქტიურეთ ფიზიკურად. ვარჯიში სტრესის შესამცირებელი საკმაოდ ძლიერი იარაღია. მას შეუძლია, გააუმჯობესოს განწყობა, შეგინარჩუნოთ ჯანმრთელობა. დაიწყეთ შედარებით მსუბუქი ვარჯიშებით და თანდათან გაზარდეთ ფიზიკური აქტიურობა. აქციეთ ძილი პრიორიტეტად. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკმარისი გეძინოთ და კარგად დაისვენოთ. მოსინჯეთ სარელაქსაციო ტექნიკები. მედიტაცია, იოგა შფოთვის შესამცირებელი საუკეთესო საშუალებებია. იკვებეთ ჯანსაღად. არსებობს მოსაზრება, რომ ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, თევზი შფოთვას ამცირებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი