მედიცინა

გაზაფხულის დეპრესია და მასთან ბრძოლის გზები

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 10.04, 2022 წელი

დეპრესია
დაკოპირებულია

ზამთრის სეზონიდან გაზაფხულის სეზონზე გადასვლა, რიტმის ცვლილება ორგანიზმისთვის სტრესია. ზამთარში დაბალი ტემპერატურა, ჭარბი ტენიანობა, ცვალებადი ამინდი, არასრულფასოვანი კვება, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ორგანიზმს აუძლურებს.

შეცვლილი გარემო პირობები გავლენას ახდენს ადამიანზე, მისი ორგანიზმი, ფსიქიკა სეზონურ ცვლილებებს გარკვეული ძვრებით პასუხობს. ადამიანი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრების ყოველი მონაკვეთი გარემოს ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

გაზაფხულის დადგომისას დღე იმატებს, ტემპერატურა მაღლა იწევს, სახლში მეტი სინათლე შემოდის, სითბო ხალისს გვმატებს, კომფორტს გვაგრძნობინებს. განწყობა მაღლდება, ადამიანი აქტიურდება; ზამთარში თუ მოდუნებულია, გაზაფხულის დადგომისთანავე ენერგიით ივსება. გარემოს ცვლილებებზე ფსიქიკაც რეაგირებს, ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება სხვადასხვა განცდა. გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, გარემოში თანდათან იმატებს მწვანე ფერი, სითბო, მზის სინათლე, გაზაფხულის სურნელი სიამოვნებას გვგვრის. განწყობილებასთან ერთად იცვლება მოთხოვნილებებიც. გაზაფხული დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, ფსიქიკაზე. მას უჩნდება მოთხოვნილება, დილით ადრე ადგეს, გაღვიძებული ბუნება, მცენარეები ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულის მუშაობას, ხსნის სტრესს. ზამთრის დეპრესია თანდათან ქრება. აღდგება შინაგანი წონასწორობა, გაივლის დაძაბულობა. ბევრი ზამთარში თავს მოდუნებულად, დათრგუნულად გრძნობს, გაზაფხულზე კი ფსიქიკური დაძაბულობა იფანტება, თითქოს ბუნებასთან კავშირს აღიდგენს. ადამიანთა უმეტესობა შეჰხარის გაზაფხულს, ბუნებას. მზის ენერგიას ადამიანის ქცევის მართვაც კი შეუძლია.

თუმცა, გაზაფხულზე ყველა კარგად არ გრძნობს თავს. არიან ადამიანები, ვისზეც გარდამავალი პერიოდი ცუდად მოქმედებს. გაზაფხული ამინდის ჭირვეულობით გამოირჩევა. წვიმები და მაგნიტური ქარები ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს. ბევრს სისუსტის შეგრძნება ეუფლება, ეშვება, ერევა სიზარმაცე, ზოგი თავბრუხვევას უჩივის. გაზაფხულზე რომ ამინდი იცვლება და ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ეს ნორმალურია, თუმცა ბევრი ამას ვერც კი ამჩნევს. ზოგი მართლაც ავადაა მეტეოდამოკიდებულებით. ასეთი ადამიანები ნამდვილ დისკომფორტს განიცდიან. მარტივი მოძრაობების შესრულებაც კი უჭირთ, ამის გამო საკუთარი თავის ზიზღი და უკმაყოფილება, დანაშაულის განცდა და თვითგვემის სურვილი ეუფლებათ. უმეტესობა კი დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება. არც ისე ცოტა ადამიანია, ვისაც გაზაფხულის დეპრესია აწუხებთ.

დეპრესიასთან ბრძოლა

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევცვლით ბუნებას, მაგრამ შეგვიძლია, ბუნებასა და საკუთარ თავთან თანხმობით ვიცხოვროთ. უმჯობესია, გავიხაროთ როგორც მზის, ისე წვიმის დანახვისას, ვიდრე შინ ჩავიკეტოთ. არ უნდა დაგვიმორჩილოს დეპრესიამ, მოდუნებამ, ვისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი და დადებითი თუ უარყოფითი ემოციების მართვა.

ამაში დაგეხმარებათ რამდენიმე რჩევა:

ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, მიუწერეთ მიზეზები. დაფიქრდით, საფუძვლიანია თუ არა თქვენი მღელვარება, რამდენად სწორად ფიქრობთ, მოძებნეთ არგუმენტები.

დაისახეთ ახალი მიზანი, ჩამოწერეთ ყველა საფეხური, რაც კი საჭიროა მის მისაღწევად.

დაიწყეთ ყველაფერი თავიდან, შეიცვალეთ დღის რეჟიმი, იარეთ აუზზე, საღამოობით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ეცადეთ, საკუთარ თავს, ახლობლებს სიხარული მიანიჭოთ. ეს სიამოვნებას მოგგვრით.

უქმე დღეებში მოდუნდით, ადექით გვიან, მიიღეთ აბაზანა, მოიწესრიგეთ თავი.

საღამოს დაგეგმეთ მომავალი დღე, ეცადეთ, რომ თავისუფალი დრო არ დაგრჩეთ.

განაახლეთ თქვენი გარემო, შეცვალეთ ავეჯის განლაგება, ფარდები და ასე შემდეგ.

ყურადღება მიაქციეთ რაციონს, ერიდეთ მაგარ ჩაის, ყავას, მიირთვით იოდით მდიდარი საკვები, ყვავილოვანი და ზღვის კომბოსტო, თევზი, ფეიხოა.

ხშირად შეხვდით მეგობრებს, გულახდილად ესაუბრეთ, შეგიძლიათ, იტიროთ კიდეც. ეს განტვირთვას უწყობს ხელს.

ეცადეთ, რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეული ჭამოთ და ერიდოთ მძიმე და კალორიული კერძების მიღებას. ამ დროს ერთადერთი გამონაკლისი შოკოლადია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და გუნება-განწყობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს. უკეთესია შავი შოკოლადი, რადგან თეთრი შოკოლადი ამ თვისებას მოკლებულია. აგრეთვე, ეცადეთ, ხშირად გამონახოთ დრო დასვენებისა და ისეთ ხალხთან ურთიერთობისთვის, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ. ეს დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ

გაზაფხულის დეპრესიის დასაძლევად, პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძილის სწორი რეჟიმია. დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით და ძილის ხანგრძლივობა წელიწადის სხვა დროსთან შედარებით ერთი საათით შეამცირეთ. თუ გარკვეული მიზეზების გამო უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ ეთერზეთებიანი თბილი აბაზანა მიიღეთ, საწოლ ოთახში კი ვარდის სურნელოვანი სანთელი აანთეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა