გაციება თუ გრიპი და მათი პრევენცია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.11, 2022 წელი

მიკრობები, ძირითადად, სასუნთქ სისტემაში ხვდებიან. მთავარი კითხვა ასეთია: „გავცივდი თუ ვირუსი მაქვს?“ თუ გაცივდით, ეს ნიშნავს, რომ სუსტი ვირუსიც გაქვთ და გადამდებიც ხართ. თუმცა გაციება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და უფრო კეთილსაიმედო პროგნოზი აქვს, ვიდრე გრიპს. გაციებაც და გრიპიც ინფექციური დაავადებებია. ორივე მათგანი განსაკუთრებით აქტუალურია წელიწადის ცივ დროს. წელიწადში შესაძლოა, რამდენიმეჯერ გაცივდეთ, გრიპი კი ადამიანს უფრო იშვიათად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხვდება.
გრიპი სწრაფად იწყება, უმეტესად – დაავადებულთან კონტაქტიდან 2-3 დღეში. პირველი ნიშანია ცხელება (39-დან 41 გრადუსამდე). ბავშვებს სიცხე უფრო მაღლა უწევთ, ვიდრე მოზრდილებს. ვლინდება სხვა სიმპტომებიც:
👉 სახსრების ტკივილი;
👉 შემცივნება;
👉 თავბრუ;
👉 თავის ტკივილი;
👉სისუსტე;
👉გულისრევა და ღებინება.
ცხელება და ტკივილი 2-4 დღეში გაივლის, თუმცა ავადმყოფობა ამით არ მთავრდება: გრძელდება მშრალი ხველა, ცემინება, ყელის ტკივილი, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, სურდო.
საერთო ჯამში, სიმპტომების უმეტესობა მე-7 დღისთვის ალაგდება, სისუსტემ და ხველამ კი შესაძლოა, კვირები გასტანოს.
გაციება უფრო მეტხანს, ზოგჯერ ორ კვირამდეც გრძელდება. სიმპტომები გრიპისას ჰგავს, თუმცა გაციების დროს წინა პლანზე წამოიწევს ხველა და სურდო. ნაკლებადაა გამოხატული თავისა და სახსრების ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, აპათია.
გაურთულებელ გრიპს და გაციებას ერთნაირად მკურნალობენ. ვირუსს არაფერი შველის, ამიტომ მკურნალობის მთავარი პრინციპი სიმპტომების შემსუბუქებაა. სიცხის დასაწევად შეგიძლიათ, მიიღოთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. არ დალიოთ ასპირინი! ისიც გახსოვდეთ, რომ არ არის საჭირო, ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდეს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ზოგჯერ ერთი გრადუსით დაკლებაც საკმარისია.
მდგომარეობის შესაბამისად, შესაძლოა, საჭირო გახდეს ხველის ან სურდოს საწინააღმდეგო ან ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებაც. არჩევანი ფართოა. ყურადღება მიაქციეთ, რომ სხვადასხვა დასახელების, მაგრამ ერთი და იმავე შემადგენლობის წამლები ერთდროულად არ მიიღოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალებები მხოლოდ მდგომარეობას ამსუბუქებს – გამოჯანმრთელებას ვერ აჩქარებს.
თუ გაცივდით ან გრიპი შეგხვდათ:
👉 ერიდეთ ხალხთან კონტაქტს. ხველებისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე ხელსახოცი ან სახელო აიფარეთ;
👉 მიიღეთ ბევრი სითხე;
👉 არ გადაიღალოთ;
👉არ მოწიოთ;
👉 ერიდეთ ალკოჰოლიან სასმელებს.
გაციების პრევენციისთვის შეგიძლიათ, შემდეგი ზომები მიიღოთ:
👉 რეგულარულად და კარგად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ცხვირზე ან პირზე შეხების შემდეგ და სანამ საკვებს შეეხებით;
👉 ყოველთვის დააცემინეთ და ჩაახველეთ ქაღალდის ცხვირსახოცში, ეს ცხვირში ან პირში არსებული ვირუსის შემცველი წვეთების ჰაერში გაფანტვისა და სხვა ადამიანების ინფიცირების პრევენციაში დაგეხმარებათ; დაცემინების ან დახველების შემდეგ, მაშინვე გადააგდეთ გამოყენებული ცხვირსახოცი და დაიბანეთ ხელები;
👉 რეგულარულად გადაწმინდეთ ზედაპირები;
👉 გამოიყენეთ საკუთარი ფინჯანი, თეფშები, მჭრელი ინსტრუმენტები და სამზარეულოს ჭურჭლეულობა;
👉 არ გაუზიაროთ პირსახოცები ან სათამაშოები მათ, ვინც გაციებულია;
👉 ხელებისა და სახის გასამშრალებლად, საერთო პირსახოცების ნაცვლად, ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცები გამოიყენეთ და გამოყენების შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან