გაატარეთ ზაფხული ჯანმრთელად
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.07

ზაფხულში უამრავი დაავადება აქტიურდება. ზოგიერთი მათგანის გახშირება გარემოს ტემპერატურის მომატებას უკავშირდება, ზოგიერთის გააქტიურებას კი ბუნებასთან ადამიანის უფრო მჭიდრო კონტაქტი უწყობს ხელს. თუ დამსვენებელთა ერთი ნაწილისთვის მთავარი პრობლემა ნაწლავთა ინფექციაა, ნაწილი შესაძლოა, მიძინებული ქრონიკული პრობლემების გამწვავებამ შეაწუხოს.
სასუნთქი გზები
ცნობილია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ჰაერი უფრო მეტად ბინძურდება, იმატებს ნახშირორჟანგისა და ოზონის დონე. ოზონი აირია, რომელიც ბუნებრივად გროვდება ატმოსფეროს ერთ-ერთ შრეში, სტრატოსფეროში და შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს, რითაც მზის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს. ადამიანებისა და მცენარეებისთვის კი ეს აირი მომწამვლელია, ამიტომ დედამიწის ზედაპირთან ახლოს მისი დაგროვება საშიშია. მავნე აირები წარმოიშობა, როდესაც ავტომობილებისა თუ საწარმოების გამონაბოლქვი და სხვა ქიმური ნივთიერებები მზის სხივებთან ურთიერთქმედებს. მაღალი კონცენტრაციის ოზონით დიდხანს სუნთქვა ვნებს სასუნთქ სისტემას, არღვევს ფილტვების ფუნქციას და იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, ამწვავებს ასთმას და ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას.
ასთმა სასუნთქი გზების ანთებით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს ლორწოს გაძლიერებულ წარმოქმნას, სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობას, შევიწროებას და დახშობას. ამ ყველაფერს თან ახლავს ხველა, მსტვენი სუნთქვა, ქოშინი, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება. ასთმა შესაძლოა, მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით და სიცოცხლისთვის სახიფათო ასთმური შეტევებით ვლინდებოდეს. დაავადებულის სასუნთქი გზები მეტად მგრძნობიარეა და მძაფრად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, მათ შორის – სიცხეზე.
სეზონთა ცვლა ბუნებრივი პროცესია, რომლის მართვაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ჯანმრთელი ადამიანი ადვილად ეგუება ატმოსფერულ ცვლილებებს, ასთმით დაავადებულისთვის კი ამინდისა და კლიმატის ცვლილება ასთმური შეტევის ძლიერი რისკ-ფაქტორია, ამიტომ ფეხი უნდა ავუწყოთ ბუნების რიტმს და ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი:
* მუდამ თან გქონდეთ ინჰალატორი, რომელიც შეტევის დროს აუცილებლად დაგჭირდებათ. მოარიდეთ მზის სხივებს და სითბოს – მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება მის ეფექტიანობას ამცირებს;
* ერიდეთ გარეთ გასვლას და აქტიურ მოძრაობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში – 11-დან 15 საათამდე. ვარჯიში, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა დილისთვის დაგეგმეთ;
* მიიღეთ ბევრი სითხე, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია (სხეულის გაუწყლოება). დახურეთ კარ-ფანჯარა და ჩართეთ კონდიციონერი, რომელიც ჰაერს აგრილებს და წმენდს.
მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს უჩივის, ზაფხული წელიწადის არცთუ ისე საყვარელი დროა. სიცხეში პერიფერიული სისხლძარღვები ფართოვდება, წნევა ეცემა და ნორმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად გული, ფაქტობრივად, შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს. გარდა ამისა, სიცხეში სხეული უხვად კარგავს სითხეს და მინერალებს. გულის მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალიუმსა და მაგნიუმს, მათი ბალანსის დარღვევამ ან რომელიმე მათგანის დეფიციტმა შესაძლოა, გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. სითხის დაკარგვის, ორგანიზმის გაუწყლოების გამო სისხლი სქელდება და თრომბების ჩამოყალიბების ალბათობა იმატებს, ამ ყველაფრის შედეგად კი იზრდება ინფარქტისა და ინსულტის რისკიც.
წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე ჯანმრთელობას სათანადოდ თუ გაუფრთხილდებით და ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს შეასრულებთ, მოსალოდნელ გართულებებს თავიდან აიცილებთ:
* სიცხეში ფიზიკურად ნუ დაიტვირთებით, ნუ გაატარებთ მზის გულზე ბევრ დროს;
* მოერიდეთ ცივ შხაპს – სისხლძარღვთა უეცარმა შევიწროებამ შესაძლოა გულის დაზიანებული მკვებავი არტერიების სპაზმი და ინფარქტიც კი გამოიწვიოს;
* გარუჯვისას ნუ გაჩერდებით მზეზე 15-20 წუთზე მეტ ხანს;
* ჭამეთ ზომიერად. უარი თქვით ზედმეტად ცხიმიან და ძნელად მოსანელებელ სურსათზე;
* მიირთვით წყლით მდიდარი ხილი და ბოსტნეული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან