მედიცინა

ერთი პაციენტის ისტორია – როგორ შეუნარჩუნა მამაკაცს თვალი ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერმა ქირურგმა, ანა დვალიშვილმა

№48

ავტორი: „თბილისელები“ 17:30 30.11, 2020 წელი

თვალის შენარჩუნება
დაკოპირებულია

თვალის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი, მისი ახალგაზრდა ხელმძღვანელის, ოფთალმოქირურგის – ანა დვალიშვილის ხელმძღვანელობით. ანას პროფესიული ზრდა  ევროპის რამდენიმე წამყვან კლინკაში – პარიზის გლაუკომის ინსტიტუტში, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, თურქეთის თვალის აკადემიაში მიმდინარეობდა. რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა ორდინატურის კურსს ქალაქ მინსკის რეგიონულ საავადმყოფოში.
იშვიათი ოსტატობით  ატარებს ყველა სირთულის ოპერაციას, მათ შორის, რქოვანას გადანერგვას ულტრათანამედროვე აპარატურით.

პაციენტი (57 წლის): სანამ ანასთან მოვიდოდი, ისეთი ტკივილები მქონდა, ღამე არ მეძინა. ვიხვეწებოდი, სულ ამოიღეთ-მეთქი ეს თვალი. ოპერაციის შემდეგ კარგად ვარ. ყველა დროულად უნდა მივიდეს ექიმთან, დაგვიანება ისევ მისთვის არის ცუდი.  ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დიდი მადლიერი ვარ ანასი, ძალიან კარგი ექიმია. ჩემმა მეგობრებმაც გადაწყვიტეს  მოვიდნენ მასთან და შეიმოწმონ მხედველობა. მიხარია, რომ სწორედ ანა იყო ჩემი ექიმი. მან გადამარჩინა.

ana-dvalishvili_o_h.jpegანა დვალიშვილი: პაციენტმა მოგვმართა თვალის აუტანელი ტკივილით. ასევე, უჩიოდა თავის არეში მოჭერითი ხასიათის ძლიერ ტკივილსა და ცრემლდენას. იმდენად აუტანელი და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, რომ თვალის ამოღებას ითხოვდა. სრული გამოკვლევის შემდეგ პაციენტს დაესვა მტკივნეული, მეორადი გლაუკომის დიაგნოზი. აღენიშნებოდა ნეოვასკულარული, უმართავი გლაუკომა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მას გლაუკომის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს, მაგრამ ის არ იწვეთებდა გამოწერილ პრეპარატს და არ ასრულებდა ექიმის დანიშნულებას, რამაც დაავადების პროგრესირება გამოიწვია. ჩვენი მიზანი იყო, პაციენტისთვის ტკივილის მოხსნა და თვალის, როგორც ორგანოს, შენარჩუნება. საკმაოდ მძიმე შემთხვევა იყო. რთული და კომპლექსური. მისი მდგომარეობა ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად განვიხილე. კონსილიუმი გვქონდა, რომელშიც ჩაერთნენ ბელორუსიის მთავარი ოფთალმოლოგი ტატიანა იმშინეცკაია, თურქი პროფესორი ჯემ ილდირიმი და ჰარვარდის გლაუკომის მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ ფრიდმანი.
– ამ ტიპის კონსილიუმები მიღებული პრაქტიკაა?
– რა თქმა უნდა. როცა რთული და განსაკუთრებული შემთხვევაა, ჩვენ და უცხოელი კოლეგები ერთობლივად განვიხილავთ და ვმსჯელობთ. ტარდება კონსილიუმი და ვირჩევთ მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდს. გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს და თითოეულის აზრს ვითვალისწინებთ. ამ შემთხვევაში დაიგეგმა „აჰმედის შუნტის“ იმპლანტაცია, რადგან ეს პაციენტის თვალის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. გლაუკომის იმდენად უმართავ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, ბევრი ქირურგი მისი ამოღების გზას აირჩევდა, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ამ ადამიანს თვალი შენარჩუნებოდა. რა თქმა უნდა, მხედველობის აღდგენაზე აღარ იყო საუბარი.
– ასეთი მძიმე შემთხვევები ხშირია?
– სამწუხაროდ, პაციენტები ძალიან გვიან მოგვმართავენ, რაც იწვევს ასეთ მძიმე გართულებებს. აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მას მხედველობის ორგანო შეუნარჩუნდა. ოპერაციის შემდეგ მოეხსნა ყველანაირი ჩივილი და არც დამატებითი მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროება. თუმცა დაგვიანებულმა მიმართვიანობამ ცალ თვალში მხედველობის სრული დაკარგვა გამოიწვია. როცა ასეთი ტერმინალური სტადიაა, ჩვენ მხოლოდ თვალის, როგორც ორგანოს, შენარჩუნებისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო პაციენტებს: გთხოვთ, წელიწადში ერთხელ მაინც მიდით ოფთალმოლოგთან და გაიარეთ კონსულტაცია. მით უფრო, თუ უკვე ხართ ორმოცი და მეტი წლის, გაქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და გენეტიკური წინასწარგანწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენს დედას, მამას, დას, ძმას ჰქონდა გლაუკომა, გაცილებით მეტია შანსი, რომ ეს დაავადება თქვენც დაგემართებათ. თანაც, ასეთ შემთხვევებში დაავადებას სწრაფი პროგრესირებაც ახასიათებს. მერწმუნეთ, რეგულარული ვიზიტი ოფთალმოლოგთან გართულებებს თავიდან აგაცილებთ და მხედველობასაც შეგინარჩუნებთ.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი სრულად არის აღჭურვილი ბოლო თაობის სადიაგნოსტიკო აპარატურით. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს, საწყის სტადიაზე აღმოვაჩინოთ დაავადება და პაციენტს სწორად დავუგეგმოთ

ეფექტური მკურნალობა, იქნება ეს ლაზერული თუ ქირურგიული ჩარევა.
ტელეფონი: 595-616-249.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი