მედიცინა

ექიმის რჩევები

№29

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.07, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ცივს რომ დავლევ ან შევჭამ საშინლად მტკივდება ღრძილები და კბილები და 5 წუთში კი გამივლის ხოლმე. რისი ბრალი იქნება?

პასუხი: მიზეზი, სავარაუდოდ, გინგივიტი (ღრძილების ანთება) არის. არ გადადოთ პაროდონტოლოგთან ვიზიტი, რადგან დაყოვნების შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადება პროგრესირებდეს და შეუქცევადი პროცესები განვითარდეს.

კითხვა: ვარ 24 წლის ქალი. მაქვს ქრონიკული ცისტიტი. შარდის ბაქტერიოლოგიაში ნაწლავის ჩხირი ამოითესა. დანიშნული მაქვს ლემოქსოლის ნემსები და მაკმირორი – 10 დღე; რიბატრანი – 20 დღე. მაინტერესებს, განმეორებით როდის უნდა გავიკეთო შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, რომ სწორი შედეგი აჩვენოს?

პასუხი: ზოგადად, შარდის ბაქტერიული გამოკვლევა ანტიბაქტერიული მკურნალობის კურსის დასრულებიდან არა უადრეს 10-14 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს, თუმცა, რიგ შემთხვევებში, განმეორებითი კვლევა მკურნალობის ფონზეც ინიშნება, ამიტომ ეს საკითხი დააზუსტეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

კითხვა: რა შეიძლება, იყოს ქუთუთოების უნებლიე მოძრაობის მიზეზი? ასევე, კუნთის მოძრაობა სახის მიდამოში? ვის მივმართო და რა სახის ანალიზი მჭირდება?

პასუხი: ამ ტიპის უნებლიე მოძრაობა შესაძლოა, იყოს ტიკი. კუნთების ასეთი ხანმოკლე, უნებლიე მოძრაობები სტერეოტიპული და ავტომატიზებულია. დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრისთვის ნევროლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: 2 წლის წინ მქონდა თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმი (ჰიპოქსია). მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ფიზიოლოგიურად მშობიარობა და საშიში ხომ არ არის?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში მშობიარობის მეთოდი ნევროლოგისა და გინეკოლოგის ურთიერთშეთანხმებით – რისკების შეფასებით უნდა დაიგეგმოს.

კითხვა: ვარ 33 წლის. ციკლი ყოველთვის 4 დღე მაქვს და ამჯერად ერთი დღე მქონდა და თან, ძალიან ცოტა რაოდენობით. ვსვამ ჯესის. საშიში ხომ არ არის?

პასუხი: კონტრაცეპტივების ფონზე მენსტრუაციული გამონადენის შემცირება შესაძლებელია და არ არის საშიში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა