ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.06, 2023 წელი

კითხვა: ქოლესტერინისთვის ტკბილი უფრო საშიშია თუ პური, ანუ ცომეული?
პასუხი: ქოლესტერინის ცვლის დარღვევის დროს მენიუდან უნდა გამორიცხოთ: უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური, ფუნთუშები, ტორტი, ბისკვიტი, კანფეტი, ნაღების ნაყინი. ამავე დროს ნახშირწყლები ბალანსირებული კვების აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. არსებობს ნახშირწყლების, ეგრეთ წოდებული, სასარგებლო და მავნე სახეობები. მარტივი ნახშირწყლები მიიჩნევა მავნედ, რთული – სასარგებლოდ. სასარგებლო ნახშირწყლებს შეიცავს ბოსტნეული და ზოგიერთი ხილი.
კითხვა: ჩემს ქმარს მუდმივად ჩასისხლიანებული აქვს თვალები. არის მწეველი, მაგრამ ეწევა მხოლოდ სიგარეტს. არ აწუხებს წვა, ქავილი ან სხვა ჩივილები. მაინტერესებს რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს?
პასუხი: თვალის გამოშრობას, ანუ ცრემლის გამოყოფის შემცირებას სიგარეტის ბოლიც იწვევს. შედეგად ყალიბდება მშრალი თვალის სინდრომი. გაუკონტროლეთ არტერიული წნევა. ზუსტი დიაგნოზის დასმისა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით აუცილებელია ოფთალმოლოგიური შემოწმების ჩატარება.
კითხვა: მაწუხებს შარდის შეკავება და რა წამალი მივიღო სამკურნალოდ?
პასუხი: მამაკაცებში, 50-60 წლის ასაკის შემდეგ, შარდის შეკავების უხშირესი მიზეზი პროსტატის ჰიპერპლაზიაა/გადიდება. ასევე, შარდსადენის შევიწროება ანუ სტრიქტურა, საშარდე გზების კენჭებით დახშობა... არის სხვა მიზეზებიც. დიაგნოსტიკისა და რეალური მიზეზის დასადგენად ექიმ-უროლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: რისი ბრალი შეიძლება იყოს, საზარდულში ჯირკვლის შეშუპება? თან ცოტა მტკივნეულია და დისკომფორტს მიქმნის. ექიმთან ჯერ ვერ მივალ, ქვეყნიდან მივლინებით ვარ გასული.
პასუხი: საზარდულის მიდამოს ლიმფური კვანძი ძირითადად სასქესო ორგანოთა ინფექციური პათოლოგიის დროს დიდდება, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. გასინჯვა-გამოკვლევების ჩატარების გარეშე ამის დიაგნოსტიკა შეუძლებელია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან