ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.09, 2022 წელი

კითხვა: ყურის უკან და ნიჟარაზე ქერცლივით მაქვს. როცა ვიცილებ სითხე გამოდის, მერე კი ისევ ჩნდება, რისი ბრალი შეიძლება, იყოს და რით ვიმკურნალო?
პასუხი: სავარაუდოდ სებორეული დერმატიტია ან სოკო, დიაგნოსტირება და პათოლოგიის ფორმის განსაზღვრა და მკურნალობა დერმატოლოგმა უნდა ჩაატაროს. დიაგნოსტიკისთვის კანი უნდა დათვალიერდეს სპეციალისტის მიერ.
კითხვა: რამდენად საშიშია მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია? ერთ წელში მესამეჯერ მიწევს გადაღება?
პასუხი: კვლევის სიხშირის თვალსაზრისით, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე შეზღუდვა არ არის დაწესებული, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად შეიძლება, ჩატარდეს, განსხვავებით კტ-კვლევისგან.
კითხვა: ბუასილის დროს გირებით ვარჯიში თუ შეიძლება?
პასუხი: სიმძიმეების აწევა ბუასილის სიმპტომების პროვოცირებას იწვევს.
კითხვა: საბავშვო ხველების საწინააღმდეგო სიროფ ბრონქოდიაზინას გახსნიდან რამდენი ხანი აქვს მოხმარების ვადა? მაცივარში თუ შეიძლება შენახვა?
პასუხი: მისი შენახვა შესაძლებელია მაცივარში, რაც შეეხება გამოყენების ვადებს, დააკვირდით ხომ არა აქვს შეცვლილი ფერი ან კონსისტენცია, ვადა ხომ არ გაუვიდა. მისი გამოყენება გახსნიდან 1-2 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.
კითხვა: მყავს ახალდაბადებული ბიჭი და მაინტერესებს დაბანისას ან ისე როგორი მოვლა სჭირდება ჩვილის სასქესო ორგანოს?
პასუხი: ყოველი დაბანის დროს ბავშვს ჩუჩა უნდა გადაუწიოთ სადამდეც გადადის ძალდატანების გარეშე და დაბანოთ. თუ გართულებებმა არ იჩინა თავი, რაიმე სხვა ჩარევა, მიზანშეწონილი არ არის.
კითხვა: ვარ 5 თვის ორსული, ფეხებზე მკრთალად გამიჩნდა წვრილი კაპილარები. მეშინია, ძალიან არ დამეტყოს ან რაოდენობამ არ მოიმატოს. არის რაიმე საშუალება ეს ყველაფერი თავიდან ავიცილო?
პასუხი: ასეთ დროს საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების დაცვა: გვერდზე და არა ზურგზე წოლა, ფეხების ვარჯიში, მუცლისთვის შერჩეული ბანდაჟის გამოყენება, ელასტიკური ტრიკოტაჟი ფეხებისთვის ან ანგიოლოგის მიერ შერჩეული საორსულე კოლგოტი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან