ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.09, 2022 წელი

კითხვა: ანალიზებით – TSH 3.29 მაქვს, Homa Indexi – 2.44. ვიღებ მხოლოდ სიოფორს (1000-იანს). რამდენად სწორადაა დანიშნული დოზა? უშლის თუ არა შვილოსნობას ხელს ჰომას ეს მაჩვენებელი და საჭიროებს თუ არა TSH მედიკამენტოზურ მკურნალობას?
პასუხი: მხოლოდ ჰომა ინდექსით შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ გაქვთ მეტაბოლური დარღევები, რაც უშლის ხელს დაორსულებას. TSH-ის მაჩვენებელი ნორმაშია. თქვენ უნდა გააგრძელოთ სიოფორის მიღება და ასევე საჭიროა დამატებითი მკურნალობა.
კითხვა: ვარ 23 წლის. ბავშვობიდან მაწუხებს საჯდომზე გამონაყარი. რაიმე საშუალება თუ არსებობს რომ მომირჩეს?
პასუხი: აუცილებელია დღეში ორჯერ მაინც ამ მიდამოს დაბანა თბილი წყლითა და საპნით, შეგიძლიათ გვირილის ნახარშის გამოყენება, გამონაყარი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, შემდეგ გამოიყენეთ გენტამიცნის ან 10-პროცენტიანი სინტომიცინის მალამო. ტრუსი აუცილებლად ბამბის ქსოვილის უნდა გეცვათ. თუ რჩევები არასაკამრისი აღმოჩნდა, მაშინ დერმატოლოგს მიმართეთ.
კითხვა: რამდენია ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ასევე შაქრის, ფრუქტოზასა და მარილის დღიური მოხმარების ნორმა?
პასუხი: ზოგადად, ჯანსაღი კვების პრინციპიდან გამომდინარე, საკვები ნივთიერებების ოპტიმალური თანაფარდობაა რაციონში 12 პროცენტი ცილები, 30 პროცენტი ცხიმები და 58 პროცენტი ნახშირწყლები. მოხმარებული შაქრის (შაქრის შემცველი პროდუქტების) რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რაციონის ენერგეტიკული ღირებულების 10 პროცენტს (50 გრამი), მარილი – 8 გრამი. თუმცა, საკვებ ინგრედიენტებზე მოთხოვნილების ნორმების განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფიზიოლოგიური მდგომარეობა) და ფიზიკური აქტივობა (ენერგოხარჯი).
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან