მედიცინა

ექიმის რჩევები

№53

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 09.01, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს კონკრეტულად რომელ პროდუქტს აქვს თმის ვიტამინები და რომელი ვიტამინია ეს? 
პასუხი: თმის სიჯანსაღისთვის ორგანიზმი უნდა იღებდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. თმის ცვენის  რეალური მიზეზის დადგენის გარეშე სწორი რჩევების მოცემა შეუძლებელია. უნდა მიმართოთ დერმატოლოგ-ტრიქოლოგს გამოკვლევების ჩასატარებლად.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა კბილის დაბჟენამ ტემპერატურის აწევა გამოიწვიოს? ანტიბიოტიკის ფონზე საღამოს მაინც მაღალი მაქვს.
პასუხი: თუ არ არის შეშუპება, სიწითლე და ტკივილი, მაშინ საეჭვოა, რომ მაღალი სიცხე კბილს უკავშირდებოდეს. თუმცა, ეს ვარაუდია. აუცილებლად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს, რომელმაც კბილი დაგიბჟინათ.
კითხვა: მაინტერესებს ქლამიდიას გამომწვევი მიზეზი სქესობრივი გზის გარდა სხვა რაიმე თუ შეიძლება, იყოს?
პასუხი: უროგენიტალური ქლამიდიოზი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. მას მიკროორგანიზმი ქლამიდია იწვევს. დღეს ქლამიდიოზით სქესობრივად აქტიურ პირთა 5-10%-ია დაავადებული. საყოფაცხოვრებო გზით დასნებოვნება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად რეალური – ორგანიზმის გარეთ ქლამიდია სწრაფად იღუპება, ინფიცირებისთვის საკმარისი რაოდენობის მიკრობები საყოფაცხოვრებო გზით ორგანიზმში ვერ მოხვდება, ასე რომ, საპირფარეშოში, უნიტაზზე ჯდომით, ასევე აუზზე, აბანოში, საერთო ჭურჭლისა თუ პირსახოცის გამოყენებით ინფიცირება არ ხდება.
კითხვა: თუ შეიძლება, 10-12 წლის ასაკის ბავშვებს მივცე რეიტოილი – თევზის ქონი? თუ შეიძლება, რამდენჯერ და რამდენ ხანს?
პასუხი: შეგიძლიათ, პროფილატიკის მიზნით, რეიტოილი ერთი თვის განმავლობაში მისცეთ – დღეში 1-2 კაფსულა, სადილის შემდეგ.
კითხვა: რა ასაკიდან უნდა მივცეთ ჩვილს დამატებითი საკვები?
პასუხი: ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს დამატებით საკვებს 6 თვიდან ვაძლევთ, ხელოვნურზე მყოფს – უფრო ადრე, დაახლოებით, 4 თვიდან. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება: თუ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი წონაში ნელა იმატებს, ჩამორჩება თანატოლებს, ესე იგი, დამატებითი საკვების უფრო ადრე მიცემაა საჭირო. ამ შემთხვევაში უმჯობესია, დამატებითი კვება დაიწყოთ ფაფით, თუმცა, გირჩევთ, ამის თაობაზე პედიატრთან მაინც გაიაროთ კონსულტაცია. დამატებითი საკვების ნაადრევად მიცემა მაშინაც შეიძლება, თუ პატარა იწევს საერთო სუფრისკენ და უფროსების საკვებს ითხოვს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი