მედიცინა

ექიმის რჩევები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.03, 2022 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, კოვიდ 19 კუჭ-ნაწლავის ქრონიკულ დაავადებებს თუ უქმნის რამე პრობლემას? ხომ არ აუარესებს?

პასუხი: შესაძლოა, მოხდეს გამწვავება, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მედიკამენტების მიღებას. ნუ მიიღებთ იმ მედიკამენტებს, ასევე საკვებს, რომელიც კონკრეტული პათოლოგიის გამწვავებას იწვევს.

კითხვა: 1 წლისა და 5 თვის ბავშვმა თითი ჟანგიან რკინაზე გაიკაწრა და სისხლი წამოუვიდა. საშიშია?

პასუხი: საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით ტეტანუსის აცრა კეთდება 2, 3 და 4 თვის, შემდეგ 18 თვის ასაკში. შემდეგ 5 და 14 წლის ასაკში. ამიტომ რადგან ბავშვს უკვე უწევდა ამ აცრის ჩატარება, დროულად უნდა მიიყვანოთ აცრის ცენტრში.

კითხვა: პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და გემო შეიძლება, ნაღვლის ბუშტმა გამოიწვიოს?

პასუხი: დიახ, პირში უსიამოვნო გემოსა და სუნის შესაძლო მიზეზებია: ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველგამომტანი სადინარების დისკინეზია, ნაღველკენჭოვანი დაავადება, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები... მაგრამ ჰალიტოზის მიზეზი მხოლოდ კუჭ-ნაწლავის პათოლოგია არ არის, უმეტესად (85-90%) პირიდან ცუდი სუნის მიზეზი თვით პირის ღრუა.

კითხვა: ჩემს ძმას უკვე 6 თვეზე მეტია, კუდუსუნზე მრგვალი პატარა ნახვრეტი გაუჩნდა, აქვს გამონადენი. რამდენად საშიშია და რომელ ექიმს მივმართოთ?

პასუხი: ეს არის კუდუსუნის კისტა, გამოიყენეთ ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების რომელიმე მალამო, მაგალითად: ლევომიკოლი, მაგრამ შესაძლოა, არასაკმარისი იყოს. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ქირურგის კონსულტაცია.

კითხვა: ჩემს მეუღლეს წვერი ალაგ-ალაგ გაუმელოტდა. რისი ბრალია და რით შეიძლება, ვუშველო?

პასუხი: სავარაუდოდ თმის ბუდობრივ (კეროვან) ცვენაზე საუბრობთ. პირველ რიგში, ფარისებრი ჯირკვალის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. ასევე, უნდა ინახოს კბილები, ყელი, ანუ უნდა დადგინდეს, ხომ არ არის სადმე ქრონიკული ჩირქოვანი კერა. ბუდობრივი ალოპეცია სხვადასხვა სახისაა, ყველა მათგანი თავისებურ მკურნალობას საჭიროებს. ერთი სიტყვით, საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი, რომელიც დაგეგმავს კვლევებს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. საჭიროა: 1. ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და ანალიზი ჰორმონებზე; 2. ანალიზი სიფილისზე. თუმცა რეციდივისგან საბოლოოდ დაზღვევა მაინც შეუძლებელია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა