ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 06.03, 2022 წელი

კითხვა: დედას, რომელიც 53 წლის არის, მაღალი წნევის დროს ხშირად ყურის ქავილი ჰქონდა და ამის გამო ყურის ნიჟარაში კანის ქერცლები გაუჩნდა. ყურის ექიმმა უთხრა, ეგ არაფერიაო, მაგრამ როდემდე უნდა ჰქონდეს, რა შეიძლება მოიმოქმედოს?
პასუხი: სავარაუდოდ, ეს სებორეაა და დერმატოლოგმა უნდა ნახოს. ექიმთან ვიზიტამდე კი სცადოს ჰიდროკორტიზონის 0,5-პროცენტიანი მალამო. კარგი იქნება, თუ მას ზეთოვან ვიტამინ A-ს დაამატებს და აქერცლილ ადგილებზე დღეში ერთხელ წაისვამს.
კითხვა: ვარ 43 წლის. კოვიდის დროს დამეწყო ბოყინი სუნის გარეშე. 10 დღე ვსვამდი დოპროკინს, მაგრამ არ გადამიარა. რას მირჩევთ?
პასუხი: რადგან ბოყინის გამომწვევი პათოლოგიების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, უნდა ეჩვენოთ გასტროენტეროლოგს. ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა (გასტროეზოფაგური რეფლუქსი), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული პანკრეატიტი.
კითხვა: მჟავე და მწარე საკვებზე ენა ადგილ-ადგილ მეყვლიფება და მეწვის. ასევე, ადვილად მიღიზიანდება და მიწითლდება ყელი, გაღიზიანებული მაქვს ხორხიც. რა იწვევს ასეთ სიმპტომებს? არასტეროიდებისა და ანტიბიოტიკების მერე ვარ ასე.
პასუხი: პირველ რიგში, სჯობს, მიმართოთ ოჯახის ექიმს, რათა დათვალიერდეს თქვენი პირის ღრუ, ჩატარდეს კვლევები, რის საფუძველზეც დადგინდება დიაგნოზი. გამოსარიცხია ჰუნტერის გლოსიტი, გასტროენტეროლოგიური დაავადებები (რეფლუქს დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრო-დუოდენიტი და ასე შემდეგ).
კითხვა: ბოლო რამდენიმე თვეა, ჩემმა ოფლმა და შარდმა სუნი შეიცვალა და უფრო უსიამოვნო გახდა, რა შეიძლება, იყოს მიზეზი ან ვის შეიძლება, მივმართო?
პასუხი: პირველ რიგში, საჭიროა შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩაბარება, ასევე, გესაჭიროებათ თერაპევტის კონსულტაცია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან