ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.01, 2022 წელი

კითხვა: 3 წლის ბავშვს უკვე ექვსი თვეა ლეიკოციტები ნორმაზე დაბალი აქვს. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი და საშიშია თუ არა?
პასუხი: ბავშვი მიიყვანეთ ჰემატოლოგთან, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. ლეიკოპენიის შესაძლო მიზეზებია: ვირუსული ინფექცია, თანდაყოლილი პათოლოგიები, რომელიც ძვლის ტვინის ფუნქციას თრგუნავს, ავტოიმუნური დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი, სისხლის პათოლოგიები და სხვა.
კითხვა: მაინტერესებს, თუ შეიძლება, ვარიკოცელე პოტენციასთან იყოს კავშირში?
პასუხი: ვარიკოცელეს დროს, თუ მეორე ჯირკვალიც არასრულფასოვანია, შეიძლება, განვითარდეს იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება.
კითხვა: 1 თვის წინ კოვიდი გადავიტანე. ვირუსმა ნევროზი დამიტოვა. რა შეიძლება, მივიღო? ვარ მეძუძური დედა.
პასუხი: სცადეთ დამამშვიდებელი მოქმედების ფიტოპრეპარატები, მაგალითად, ექსტრასედი ან ნოვარესტი. თუ შედეგი არ იქნება, მაშინ გირჩევთ ნევროპათოლოგთან ვიზიტს.
კითხვა: როგორც ვიცი, სომატოტროპინი 11-დან 2-მდე ძილის დროს გამოიყოფა. მაინტერესებს, ამ საათებში ძილი მოზარდის სიმაღლეში ზრდისთვის რამე შედეგს თუ გამოიღებს?!
პასუხი: ჰორმონის სადღეღამისო კონცენტრაციის ორ მესამედზე მეტი ღამით გამოიყოფა და ძილის ფაზების შესაბამისად იცვლება. როცა ბავშვის ძილი მოუწესრიგებელია, ხშირად იღვიძებს, მოუსვენრად სძინავს, ეს ორგანიზმში სომატოტროპინის პროდუქციას არღვევს და აქვეითებს. ამიტომ სრულფასოვანი ძილის რეჟიმის დაცვა აუცილებელია. მაგრამ სიმაღლეში ზრდის კუთხით გასათვალისწინებელია და ეფექტურია, თუ ზრდის ზონები დახურული არ არის.
კითხვა: ვიცი, სუნთქვის გახშირების მიზეზი მრავალია. მაინტერესებს კერძოდ ქოლესტერინის მომატებამ თუ იცის მსგავსი რამ?
პასუხი: ქოლესტერინის ცვლის დარღვევა იწვევს სისხლძარღვების დაავადებას – ათეროსკლეროზს. ის სისხლძარღვთა კედლებში, ეგრეთ წოდებული, ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებით ხასიათდება და მისი საბოლოო შედეგი სისხლძარღვთა სანათურის შევიწროებაა, შედეგად ორგანოებისთვის სისხლის მიწოდება ქვეითდება. ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული დაზიანება გულის მკვებავ სისხლძარღვებზე აისახება, შედეგად ვლინდება ისეთი ჩივილები, როგორიცაა ტკივილი მკერდის ძვლის უკან, წვის შეგრძნება მკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, სუნთქვის გახშირება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან