ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.12, 2021 წელი

კითხვა: სამი კვირაა, მარცხენა თვალის ქუთუთო „მითამაშებს“. ზოგჯერ უეცრად, ზოგჯერაც მაშინ, როცა თვალს შევეხები. უკვე შემაწუხებელი გახდა. იქნებ მითხრათ, რისი ბრალია და მირჩიოთ რამე, თუნდაც თვალის წვეთები.
პასუხი: ამ მდგომარეობას ბლეფაროსპაზმი ჰქვია. მიზეზი შეიძლება, იყოს როგორც საკუთრივ თვალის პათოლოგიები, ისე ნერვული სისტემის დაავადებები. ძირითადად თავისით გაივლის, მაგრამ რადგან ეს დისკომფორტი ასე გახანგრძლივდა, სასურველია ნევროლოგის ან ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
კითხვა: ვარ 25 წლის, ანტისხეულებზე გავიკეთე ანალიზი და კოვიდის ანტისხეულები აღმომაჩნდა. მითხრეს, რომ კოვიდი გადამიტანია. მაინტერესებს, მწვანე პასპორტს მომცემენ?
პასუხი: კოვიდპასპორტი არის წიგნაკი, სადაც აღწერილია ინფორმაცია COVID-19-ით მოქალაქის დაავადების, გაკეთებული PCR ტესტებისა და მოქალაქის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე, ტურისტებისთვის.
კითხვა: მაქვს ჩიყვი, ვმკურნალობ, თმა შემითხელდა, თუმცა ნაკლებად მცვივა. მაინტერესებს ჩიყვის მკურნალობა თუ უშველის ამას ან არის რაიმე საშუალება, რომ ახალი თმა ამომივიდეს, რაიმე ვიტამინი რომ მივიღო?
პასუხი: თუ თმის ცვენა არ არის შესამჩნევი, მაშინ თმის შეთხელების მიზეზი შესაძლოა, არის თმის ღერის მინიატურიზება – თმა ამ დროს ტერმინალური ფორმიდან ტრანსფორმირდება ღინღლოვანში, რასაც შემდეგ მოჰყვება თმის ფოლიკულის ატროფია და სიმელოტე. სასურველია, მიმართოთ ტრიქოლოგს.
კითხვა: როგორ შეიძლება, ვუმკურნალოთ რეინოს სინდრომს, არსებობს თუ არა განკურნების შანსი?
პასუხი: რეინოს დაავადების შემთხვევათა ნახევარში პროცესი უკუვითარდება და რამდენიმე წელიწადში დაავადების ნიშნები სრულიად ქრება. მედიკამენტური თერაპია რეინოს დაავადების დროს წლობით გრძელდება. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება სიმპათექტომია, არსებობს სიმპათექტომიის რამდენიმე სახეობა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ნაკლებტრავმულია ენდოსკოპიური სიმპათექტომია. მკურნალობისთვის ანგიოლოგს უნდა მიმართოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან