ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.12, 2021 წელი

კითხვა: ხშირად მიჭირს ცხვირით სუნთქვა და როცა გვერდზე ვწევარ, თითქმის საერთოდ ვერ ვსუნთქავ. თითქოს წნევასავით ვგრძნობ ცხვირსა და ყურებში, თითქოს ჰაერია დაგროვილი და არ უშვებს. რომ წამოვდგები, ქრება. არ ვიცი ზუსტად როგორ აღვწერო, ცხვირი გატეხილი არ მაქვს, არც ძგიდის პრობლემა ან რამე მსგავსი. ალერგიის გარდა არაფერი მაწუხებს. ვარ 18 წლის ბიჭი და ასეთი პრობლემა ადრე არ მქონია. მაინტერესებს მიზეზები და რამდენად საშიშია ასეთი მდგომარეობა.
პასუხი: მიზეზი შეიძლება იყოს ძგიდის გამრუდება, პოლიპები, ქრონიკული რინიტი, მათ შორის ალერგიული... ეს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა უნდა დაადგინოს.
კითხვა: არის თუ არა ისეთი ჩირი, რომელიც არც მჟავიანიბას იწვევს და არც მეტეორიზმს?
პასუხი: მჟავიანობა და მეტეორიზმი ნებისმიერმა ჩირმა შეიძლება, გამოიწვიოს.
კითხვა: გაპარსვის დროს გამიღიზიანდა იღლია, მგონი, გამეჭრა კიდეც. თითქმის ორი კვირაა იღლიის მიდამოში ტკივილები მაქვს და რაიმეს ხომ არ მირჩევდით?
პასუხი: თუ იოდზე ალერგია არ გაქვთ, დაზიანებული ადგილი დაიმუშავეთ ბეტადინით და ნუ გამოიყენებთ დეზადორს. თუ რჩევა არასაკმარისი იქნება გაქვთ სიწითლე, შესიება, მფეთქავი ტკივილი, სიმაგრე, მაშინ ეჩვენეთ ქირურგს.
კითხვა: ბოლო ხანს, ვარჯიშის, სირბილის დროს მტკივდება მუხლი და მერე ერთი 2 კვირა მცირე გარბენზეც კი მაწუხებს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ან რა მოვუხერხო?
პასუხი: გარდა იმისა, რომ სირბილის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტული ფეხსაცმლის სწორად შერჩევას, შესაძლო პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის უნდა მიმართოთ ორთოპედ-ტრავმატოლოგს – აუცილებელია მუხლის სახსრის გამოკვლევა. სავარაუდო მიზეზებია: კვირისტავის ტენდინიტი, ოსგუდ-შლატერის დაავადება, ბეიკერის ცისტა, ოსტეოართრიტი, კვირისტავის ქონდრომალაცია.
კითხვა: რისი ბრალი შეიძლება იყოს მამაკაცებში სისხლიანი შარდი? ეს შეიძლება, იყოს თირკმლის დაშლის მიზეზი? ვის უნდა მივმართოთ ამ შემთხვევაში?
პასუხი: შარდში სისხლის (ჰემატურიის) არსებობის მიზეზის დადგენა მხოლოდ გამოკვლევით არის შესაძლებელი. ამის მიზეზი არაერთი პათოლოგიური მდგომარეობაა: თირკმელკენჭოვანი დაავადება, შარდ-სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი, ანთებითი პათოლოგიები – გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ჰემოფილია, თრომბოციტოპენიური პურპურა და თრომბოციტოპენიის სხვა ფორმები, თირკმელებისა და საშარდე გზების სიმსივნეები და სხვა. გირჩევთ, გამოკვლევისთვის უროლოგს მიმართოთ
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან