მედიცინა

ექიმის რჩევები

№23

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.06, 2021 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მყავს 5 თვის შვილი. მარჯვენა ლოყა უფრო დიდი აქვს, ვიდრე მარცხენა. მარცხენა მხარეს თავიც ჩაბრტყელებული აქვს. სამი თვიდან ორთოპედიულ ბალიშზე წევს. რით შეიძლება, იყოს გამოწვეული ლოყის განსხვავება?

პასუხი: უნდა გამოირიცხოს თანდაყოლილი კისერმრუდობა – არის ასეთი ორთოპედიული პათოლოგია. სწორედ, ეს მდგომარეობა იწვევს ხოლმე სახის ასიმეტრიას ბავშვებში. აუცილებელია ბავშვთა ორთოპედის დროული კონსულტაცია. თუ დიაგნოზი დადასტურდება, საჭირო იქნება სამკურნალო მასაჟი, ვარჯიში, ფიზიოთერაპია და სპეციალური საყელოს ტარება.

კითხვა: დღეში ორ-სამჯერ თითქოს თვალში რაღაც მაქვს ჩავარდნილი, ზოგჯერ კი ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია, ქვიშა მიყრია. მძინავს ნორმალურად – ღამეში 8 საათი. ვისხამ თვალის სიმშრალის წვეთებს. 16 წლის ვარ. შესაძლოა, კომპიუტერის ბრალიც იყოს, თუმცა, როცა ელექტრონულ ტექნიკას საერთოდ არ ვიყენებ, იმ დღეებშიც მემართება. იქნებ დამეხმაროთ.

პასუხი: გაიზომეთ არტერიული წნევა და გაესინჯეთ ოფთალმოლოგს.

კითხვა: დილით ვიღვიძებ მშრალი ყელით და გაჭედილი ცხვირით, ასე მგონია, რომ ყელში რაღაც მაქვს გაჩხერილი და ვერაფრით ვიღებ. ეს მდგომარეობა დღისითაც მემართება, თუ, მაგალითად, დიდი ხანი ჩუმად ვარ. გთხოვთ, მითხრათ, ვის მივმართო და რა შეიძლება, ამ ყველაფრის მიზეზი იყოს?

პასუხი: ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო ღამით შესაძლოა, პირღია სუნთქავთ. ყელში ჭარბი ლორწოს, ნახველის მიზეზი შეიძლება, იყოს ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების/გლანდების ანთება), ფარინგიტი – ხახის ანთება ან სუნუსიტი – ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება (რაც შესაძლოა ცხვირის ძგიდის გამრუდებამ ან ცხვირის პოლიპებმა გამოიწვიოს, რაც ცხვირით სუნთქვის პრობლემასაც ქმნის). დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის მიზნით ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს უნდა მიმართოთ.

კითხვა: მაქვს მშრალი ხველა, რის მერეც გული მტკივდება, ყლაპვა მიძნელდება და ხორხი თითქოს შეშუპებული მაქვს. სიცხე არ მაქვს. მტკივა ხორხი და თვალითაც ჩანს, რომ გამოწეული და გადიდებულია. ხმაც რაღაცნაირად ჩახლეჩილი მაქვს და შიგნიდან მეფხანება. შეიძლება, ეს ხორხის კიბო იყოს? ჩიყვზე გადაღებისას თუ გამოჩნდება? ადრე გლანდებს ვაბრალებდი, მაგრამ თვეზე მეტია ამოვიჭერი და ახლა უარესად მაქვს. ვარ 21 წლის. მწეველი ვიყავი, მაგრამ უკვე 7 თვეა, დავანებე.

პასუხი: თქვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები უფრო ალერგიულ რეაქციებს ჰგავს, ვიდრე ავთვისებიან დაავადებას. სრული სიმშვიდისთვის გირჩევთ, მიმართოთ ლარინგოლოგს და ჩაიტაროთ ადეკვატური მკურნალობა ლორწოვანი გარსის მდგომარეობის მოსაგვარებლად.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა