ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.01
კითხვა: ვარ 50 წლის. ლოყაში გამიკეთდა AE ვიტამინი. რაც დრო გადის მაგრდება. გთხოვთ მირჩიოთ, რა გავაკეთო ან რომელ ექიმს მივმართო?
პასუხი: ყბა-სახის ქირურგს უნდა ეჩვენოთ. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
კითხვა: მოზარდს ვენიდან ავუღეთ სისხლი. იმ მომენტში არაფერი უგრძნია, არც ჩალურჯებია, მაგრამ ამბობს სისხლის აღების დღიდან ხელის მოძრაობისას დისკომფორტი მაქვსო. რას გვირჩევთ?
პასუხი: ვენიდან სისხლის აღების შემდეგ დისკომფორტი ხელის მოძრაობისას, ჩალურჯების გარეშეც შესაძლებელია და ხშირია. მიზეზი შეიძლება, იყოს ვენის კედლის ან მიმდებარე კუნთის/ნერვის მსუბუქი გაღიზიანება. მოზარდს ურჩიეთ, დაასვენოს ხელი, მოერიდოს დატვირთვას. შეგიძლიათ გაუკეთოთ თბილი კომპრესი ან დაალევინოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი. ეს დისკომფორტი, უმეტეს შემთხვევაში, თავისთავად ქრება 3-დან 7 დღეში. თუ დისკომფორტი გრძელდება 7 დღეზე მეტხანს ან თუ გაჩნდა სიწითლე, შეშუპება და ტკივილის გამწვავება, მიმართეთ ექიმს.
კითხვა: ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ რომელ ექიმს უნდა მივმართო ან რა საშუალებით შეიძლება მკურნალობა?
პასუხი: ამ პრობლემისთვის უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც ფრჩხილის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
კითხვა: მაქვს გინგივიტი. სტომატოლოგთან ვიმკურნალე, შემდეგ სავლებიც დანიშნა (გენგიგელი). თუმცა ღრძილი ერთ მხარეს ისევ გაწითლდა ორი კვირის შემდეგ. როგორ ვუშველო?
პასუხი: ვინაიდან ანთება ლოკალურად ბრუნდება, სავარაუდოდ, დარჩა პატარა ღრძილქვეშა ქვა ან არის ბჟენის უხეში კიდე, რომელიც მექანიკურად აღიზიანებს ამ კონკრეტულ ადგილს. ეს პრობლემა სახლის პირობებში არ მოგვარდება, უნდა მიმართოთ სტომატოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





