ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.12
კითხვა: ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს „ლაკუნური გლიოზის კერები შუბლის მიდამოში“? რამდენად საშიშია და რა იწვევს ამას?
პასუხი: ლაკუნური გლიოზის კერები შუბლის მიდამოში ნიშნავს იმას, რომ ტვინის შუბლის ნაწილში არის პატარა, დაზიანებული უბნები (ლაკუნები), რომლებიც წარსულში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე შეფერხების ან მცირე ინსულტის შედეგად გაჩნდა. ამ დაზიანებულ ადგილებს გარშემო ნაწიბუროვანი ქსოვილი (გლიოზი) აქვს. ხშირად ეს კერები სიმპტომებს არ იწვევს და შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, თუ ბევრია ან იზრდება, შესაძლოა, გამოიწვიოს მეხსიერების, ყურადღების ან მოძრაობის პრობლემები. აუცილებლად ესაუბრეთ ნევროლოგს, რათა მან შეაფასოს მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს მკურნალობა გამომწვევი მიზეზების სამართავად.
კითხვა: ერთ კვირაზე მეტია ცხელი საკვების მიღების გამო ზედა ღრძილი დამეწვა. ვივლებ გვირილის სავლებს, თუმცა ძალიან მტკივა და შესიებულივითაც მაქვს. ადრეც მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ამდენი ხანი არ გამგრძელებია. რა შეიძლება, გავაკეთო?
პასუხი: სცადეთ ვეა ორისი (vea oris), ან ფიტომალი, ან დინდგელის მალამო. თუ რამდენიმე დღეში შედეგს ვერ მიიღებთ აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს.
კითხვა: ვარ 30 წლის, მყავს 3 შვილი (პატარა – 8 თვის). ბოლო ორსულობის დროს მქონდა სიმფიზის ძვლების საშინელი ტკივილები, ასევე, მქონდა საჯდომი ნერვის ანთება. ამ ბოლო პერიოდში ისევ დამეწყო სიმფიზის ძვლების იგივენაირი ტკივილები. ვის უნდა მივმართო?
პასუხი: მიმართეთ ორთოპედს. ბოქვენის სიმფიზის მდგომარეობის შეფასება შეიძლება ხელით გასინჯვითა და ექოსკოპიური გამოკვლევით. საჭირო იქნება სისხლში კალციუმის განსაღვრაც. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.
უბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





