ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: მაინტერესებს, ნუროპლექს B12 ვიტამინები და ნუროპლექს ფორტე განსხვავდება ერთმანეთისგან თუ ერთი და იგივეა?
პასუხი: არ არის ერთი და იგივე. ნუროპლექსი B12 მხოლოდ B12-ს შეიცავს, ნუროპლექსი ფორტე კი სხვადასხვა ვიტამინების (მულტივიტამინური) კომპლექსია, შედის B12-იც.
კითხვა: მაინტერესებს, ადამიანს თუ შეუძლია შუასაყარის გადიდებული კვანძი სხეულის ზედაპირზე შეხებით იგრძნოს?
პასუხი: შუასაყარი არის გულმკერდის ცენტრალური ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფილტვებს, ხერხემალსა და მკერდის ძვალს შორის. ეს კვანძები ღრმად არის განლაგებული და მათ გარშემო სხვა ორგანოები და სტრუქტურებია, რაც ხელის შეხებით მათ მოძებნას თითქმის გამორიცხავს. მათი შეხებით შეგრძნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძალიან დიდი ზომის გახდება და ამოიბურცება, რაც იშვიათი შემთხვევაა. ამ დროს უფრო ხშირად სხვა სიმპტომები ვლინდება, როგორიცაა ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში…. ეს სიმპტომები განპირობებულია გადიდებული კვანძების მიერ მიმდებარე ორგანოებზე ზეწოლით. შუასაყრის კვანძების ზუსტი დიაგნოსტიკა მხოლოდ სამედიცინო კვლევებითაა შესაძლებელი.
კითხვა: ვარ 25 კვირის ორსული. მაქვს ჯდომითი სამუშაო, თუმცა შუალედებს წამოწოლით ვაკეთებ. ალბათ, ბოლო 10 დღეა, ჯდომისას გულის ქვეშ, წინიდანაც და ზურგის არეშიც, იმავე ადგილას, გაუსაძლისი ტკივილი მაქვს. თუ საზურგეს მივეყუდე, მაშინ შვებას ვგრძნობ. რა შეიძლება, იყოს, რა ორგანოს აწვება ამ დროს და ნაყოფს ხომ არ ავნებს?
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენი ჩივილი მომდინარეობს მუდმივად ერთსა და იმავე მდგომარეობაში ჯდომისგან. აუცილებელია შესვენებების გაკეთება და მცირე მანძილზე სეირნობა. ამასთანავე, სასურველია ჩატარდეს თერაპევტის კონსულტაცია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




