ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.10

კითხვა: ვარ 27 წლის. სუიციდური აზრების გამო ექიმმა ანტიდეპრესანტები დამინიშნა. მაინტერესებს, თუ შეიძლება, მათთან ერთად უალკოჰოლო ლუდის მიღება და ასევე, ზიარების მერე მცირე რაოდენობის ღვინის?
პასუხი: თუ იღებთ ანტიდეპრესანტებს, ზიარების შემდეგ ერთი ყლუპი ტკბილი ღვინო საფრთხეს არ ქმნის. რაც შეეხება უალკოჰოლო ლუდს, ცოტაოდენ ალკოჰოლს ისიც შეიცავს (ხშირად 0.3-0.5%). მართალია, ეს დოზა მცირეა, მაგრამ რეგულარულად სმა მაინც არ არის რეკომენდებული.
კითხვა: ჩვეულებრივ რენტგენზე გამოჩნდება თუ არა უსიცხო ფილტვების ანთება?
პასუხი: დიახ, პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში ვიზუალიზაციისთვის გულმკერდის რენტგენი ან კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა გამოიყენება.
კითხვა: ვარ 25 წლის ბიჭი, 15 წლიდან სიგარეტს ვეწევი. იანვარში გავცივდი და გამოჯანმრთელების შემდეგ ხველა დამრჩა. აპრილის დასაწყისში ისევ გავცივდი, ისევ მარტო ხველა დამრჩა. მაქვს ხან მშრალი, ხან სველი ხველა, ბოლო 3 დღეა ხველების დროს მთელი გულმკერდი მტკივა. ვსვი დოქსაფინი, ვანსეარი დუოც, პუროქსანიც, არცერთმა არ მიშველა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: დიაგნოზის დაზუსტებისთვის აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს. შესაძლოა, საჭირო იყოს ინსტრუმენტული კვლევებიც, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
კითხვა: ქვედა კიდურების კუნთების დაჭიმლობასა და ტკივილს თან კუჭის ტკივილი ახლავს, განსაკუთრებით ღამე. რა შეიძლება იყოს მიზეზი?
პასუხი: კუნთებისა და კუჭის ტკივილი ღამით რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული (მაგალითად, ვიტამინების ნაკლებობა, გასტრიტი, რეფლუქსი), რომლებიც საჭიროებს დიაგნოზსა და სწორ მკურნალობას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან