ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.09

კითხვა: მაინტერესებს, რამდენად განკურნებადია ფეხის გულებზე კანის აქერცვლა და სიყვითლე, რაც დედისგან გადმომყვა გენეტიკურად. დამეხმარება თუ არა დერმატოლოგი?
პასუხი: ფეხის გულებზე სიყვითლე და კანის აქერცვლა, რომელიც გენეტიკურად გადმოგეცათ, სავარაუდოდ, კერატოდერმიაა. ეს ქრონიკული დაავადებაა და სრულად არ იკურნება. დერმატოლოგთან ვიზიტი კი აუცილებელია, რათა სწორი დიაგნოზი დაისვას და თქვენთვის შესაფერისი მკურნალობა დაინიშნოს. მართალია, დაავადება სრულად არ ქრება, მაგრამ სწორი მოვლით თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
კითხვა: ვარ 30 წლის მამაკაცი. წელიწადზე მეტია, ხშირად მაწუხებს მსუბუქი დიარეა. განსაკუთრებით მოგზაურობის დროს. ჩავიტარე ყველანაირი ანალიზი და კოლონოსკოპიაც. ყველაფერი წესრიგშია. ვცდილობ, მაქსიმალურად სუფთა კვებას და ვიცავ ჯანსაღი ცხოვრების წესს. რამეს ხომ არ მირჩევდით?
პასუხი: ამგვარი სიტუაცია ხშირად დაკავშირებულია არა სერიოზულ დაავადებასთან, არამედ ცხოვრების წესთან, კვებასთან ან სტრესთან, მით უმეტეს, რომ დიარეა განსაკუთრებით მოგზაურობის დროს გეწყებათ. მოგზაურობისას აკონტროლეთ წყალი: სვით მხოლოდ ჩამოსხმული, ქარხნული წყალი, ერიდეთ ყინულიან სასმელებსა და უმი ხილ-ბოსტნეულის, ასევე, უცხო ან ცხიმიანი საკვების ჭამას. დაიწყეთ მცირე ულუფებით, რათა შეამოწმოთ, როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი. მიიღეთ პრობიოტიკები მოგზაურობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და გააგრძელეთ მისი მიღება მთელი მოგზაურობის განმავლობაში. ისინი დაგეხმარებათ ნაწლავის ბაქტერიული ფლორის გაუმჯობესებაში. თუ ამ მარტივმა ცვლილებებმა შედეგი არ გამოიღო, შეგიძლიათ, კვლავ მიმართოთ ექიმს, რათა განიხილოთ თქვენი სიმპტომები და იპოვოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან