ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.08

კითხვა: რა დროა საკმარისი კატეს გადაღების შემდეგ დაორსულებამდე? კატე კბილების გამო გაკეთდა.
პასუხი: თუ დაიცავით ტყვიის წინაფრით (აპრონი), სხივების ზეგავლენა რეპროდუქციულ ორგანოებზე მინიმალურია ან საერთოდ არ არის. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, დაორსულება დაუყოვნებლივ დაგეგმოთ. არ არის საჭირო დროის გაწელვა. თუ წინაფარი არ გეცვათ, მაშინ სხივების მინიმალური რაოდენობა მაინც მიდის სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ შემთხვევაშიც, თუკი მხოლოდ ერთეულ სურათთან გვქონდა საქმე, დიდი რისკი არ არსებობს, მაგრამ სიფრთხილისთვის ზოგჯერ ურჩევენ 1 ციკლის (ანუ, დაახლოებით, 1 თვის) ლოდინს. თუ დიდი დოზით გადაიღეთ (მაგალითად, პანორამული რენტგენი ან ერთ ვიზიტზე მრავალჯერადი), მაშინ სიფრთხილის მიზნით ჯობს დაელოდოთ 1-2 მენსტრუალური ციკლის გავლას.
კითხვა: ვარ 8 კვირის ორსული, სისხლის საერთო გავიკეთე მაისის დასაწყისში და გავიმეორე დღეს. ეოზონოფილები მაქვს 9,5, C რეაქტიული – 7, რევმატოიდული ფაქტორი და იმუნოგლობულინის ანალიზიც ნორმაშია. ვერ ვხვდები, რატომ უნდა იმატებდეს ეოზონოფილები. იქნებ მომცეთ რჩევა-რეკომენდაცია.
პასუხი: თქვენ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ინფექციონისტის და ალერგოლოგის კონსულტაციები, რადგან მიზეზი შესაძლოა, იყოს როგორც რაიმე ალერგია, ასევე, რაიმე პარაზიტული ინფექცია.
კითხვა: D ვიტამინის კურსის დამთავრებიდან რამდენ ხანში უნდა გადამოწმდეს ანალიზი?
პასუხი: D ვიტამინის ანალიზი სასურველია, გაიკეთოთ კურსის დასრულებიდან, დაახლოებით, 7-10 დღის შემდეგ. ეს დრო საჭიროა, რომ ორგანიზმში D ვიტამინის დონე დასტაბილურდეს და ანალიზმა ზუსტი შედეგი აჩვენოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან