ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00

კითხვა: ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანშია მიზანშეწონილი ორსულობა?
პასუხი: ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ ორსულობისთვის მიზანშეწონილია, დაელოდოთ სრულ გამოჯანმრთელებას, მინიმუმ, 6 თვე მაინც. ეს ორგანიზმს ადაპტაციისთვის და აღსადგენად სჭირდება.
კითხვა: ვარ 40 წლის და პირველად გავიკეთე მამოგრაფია. ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ერთგან წერია, მარცხენა ჯირკვალში ერთეული მაკროკალცინატი. მაინტერესებს, ეს რას ნიშნავს ან საშიში ხომ არ არის?
პასუხი: მარცხენა სარძევე ჯირკვალში აღმოჩენილი ერთეული მაკროკალცინატი მამოგრაფიის პასუხში, როცა დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია, როგორც წესი, საშიში არ არის. მაკროკალცინატები არის კალციუმის მსხვილი ნაწილაკები სარძევე ჯირკვალში, რომლებიც თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია (არასიმსივნური). ისინი ხშირად ასაკობრივი ცვლილებების ან ძველი, კეთილთვისებიანი პროცესების შედეგია. მიმართეთ მამოლოგს და აუცილებლად აჩვენეთ პასუხები და სურათები, რათა მან საბოლოოდ შეაფასოს სიტუაცია.
კითხვა: რამდენიმე დღეა, გაღვიძებიდან 1-2 საათში მეწყება ცხვირიდან გამონადენი, თითქოს გაციებული ვარ. არადა, არ ვარ. თითქოს ალერგიასაც არ ჰგავს. არც რაიმე ახალი მცენარე შემიტანია ბინაში. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ცხვირიდან გამონადენი, განსაკუთრებით დილით, გაციების გარეშე, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ალერგიით (მტვერი, ობის სოკო, ცხოველები, ყვავილის მტვერი) ან არასეზონური რინიტით (ტემპერატურის ცვლილება, მშრალი ჰაერი). ასევე, ვაზომოტორული რინიტიც შესაძლოა, იყოს მიზეზი. შეგიძლიათ, სცადოთ ოთახის ჰაერის დატენიანება და ცხვირის მარილიანი ხსნარით გამორეცხვა. თუ არ გაგივლით, მიმართეთ ექიმს ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან