ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.06

კითხვა: როცა ორგანიზმს ცილის მარაგი, ფაქტობრივად, ამოწურული აქვს, ძირითადად, რომელი B ვიტამინი უწყობს ხელს მის შევსებას?
პასუხი: ორგანიზმს ცილების ზოგად აღდგენაში კომპლექსური B ვიტამინებიც ეხმარება, მაგრამ B6 უნდა იყოს აქტიური ფორმით (P-5-P) უკეთესი შთანთქმისთვის. რადგან ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) ძირითადი ვიტამინია ცილოვანი ცვლისთვის. ის აუცილებელია ამინომჟავების გარდაქმნისთვის, ანუ ცილის დაშლა და მისი ორგანიზმისთვის გამოიყენება B6-ის გარეშე არ ხდება.
კითხვა: ვარ 18 წლის ბიჭი და ძალიან თხელი და ცხიმიანი თმა მაქვს. თუ ცხიმოვან სებორეაზე ვიმკურნალებ, თმა გამისქელდება?
პასუხი: თუ ექიმმა შესაბამისი კვლევებით დაადგინა, რომ თმის ცვენა მხოლოდ ცხიმოვანი სებორეის შედეგად არის გამოწვეული, ხოლო ანდროგენული ალოპეციის (ჰორმონალური გათხელების) ნიშნები არ აღინიშნება, მაშინ შესაძლოა, სებორეის მკურნალობა სრულიად საკმარისი იყოს თმის ხარისხისა და სიმკვრივის შესამჩნევად გაუმჯობესებისთვის.
კითხვა: როგორ ვუმკურნალო პაპილომა ვირუსს პირის ღრუში, სახლის პირობებში ყველაზე ეფექტური საშუალება რომ მირჩიოთ და ასევე, თუ არსებობს სპრეი, რომელიც შეიცავს აზოტს და გამოიყენება პირის ღრუში?
პასუხი: პაპილომა ვირუსული ინფექციის დროს წანაზარდების მოშორება მექანიკურად ხდება და ინიშნება ვირუსის საწინაღმდეგო თერაპია. სახლში თვითმკურნალობა არ შეიძლება, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, დიაგნოზის დაზუსტება და კვალიფიციური მკურნალობის ჩატარება.
კითხვა: კანში მცირედი მინის ნამსხვრევი თუ არის ჩარჩენილი და შეხორცდა, რა გართულებებს გამოიწვევს?
პასუხი: შესაძლოა, ადგილობრივი ანთებითი რეაქცია გამოიწვიოს. თუ დაზიანებული ადგილის ცვლილებას შენიშნავთ ეჩვენეთ ქირურგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან