ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.05

კითხვა: რა აზრის ხართ უშუალოდ სოლგარის D ვიტამინზე (10 000-იანი)? რამდენად ეფექტურია მსგავსი პრეპარატები?
პასუხი: პრეპარატი ეფექტურია, უნდა მიიღოთ პირადი ექიმის მიერ დანიშნული დოზით და ხანგრძლიობით.
კითხვა: როცა ადამიანი ძალიან დასუსტებულია და D ვიტამინი 4 აქვს. უცებ დიდი დოზით ჯობს მკურნალობა თუ დასუსტებულს აუცილებლად ნელ-ნელა უნდა მიაღებინო ეს D ვიტამინი?
პასუხი: D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დონე ძალიან დაბალია (მაგალითად, 4), ხშირად ინიშნება მაღალი დოზის თერაპია დეფიციტის სწრაფად შესავსებად. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი დოზის მიღება უფრო ეფექტურად ზრდის D ვიტამინის დონეს, ვიდრე ყოველდღიური დაბალი დოზები. მიდგომა ინდივიდუალურია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს ნელა, ყოველდღიურად დაბალი დოზით შევსებას, განსაკუთრებით თუ არსებობს ჰიპერკალცემიის ან სხვა გვერდითი ეფექტების რისკი.
კითხვა: პიობალანსს უწერია 100 გრამში 16 გრამი მარილი და ვერ ვხდები, ამდენი მარილი აქვს?
პასუხი: ამ შემთხვევაში მარილში არ იგულისხმება სუფრის მარილი – ნატრიუმის ქლორიდი; ზოგადად, მარილები არის ნაერთები, რომელიც მიიღება მჟავისა და ფუძის კომბინაციით, ამ პრეპარატის შემადგენლობაშიც ასეთი კომბინირებული ნაერთი შედის.
კითხვა: პროსტატის წვენში არსებული ბაქტერიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ რომელ ანტიბიოტიკს მირჩევთ?
პასუხი: წინამდებარე ჯირკვალში ანთებითი პროცესის შემთხვევაში კეთდება პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამომწვევი კონკრეტული ბაქტერიის გამოსავლენად (რაზეც არის დამოკიდებული ანტიბაქტერიული პრეპარატის შერჩევა), ზოგჯერ საჭიროა ანტიბიოტიკოგრამაც, იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს რომელი ანტიბიოტიკის მიმართ არის მგრძნობიარე ეს მიკრობი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან