ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00

კითხვა: რამდენად შეიძლება, სელის ზეთმა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს? როგორ რა ფორმით გამოიხატება?
პასუხი: ინდივიდუალური აუტანლობა ნებისმიერ პროდუქტზე არსებობს. ალერგიული რეაქცია გამოიხატება კანზე გამონაყრის, ქავილის სახით ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით (დიარეა, გულისრევა), გააჩნია როგორ მოიხმართ მას.
კითხვა: ამ ბოლო დროს ერთი ფეხი და ტერფი მისივდება, მეორე კი არა. შეიძლება, ამის მიზეზი გული იყოს? მითხრეს, გულმა ორივე ფეხი იცისო.
პასუხი: ცალი კიდურის შეშუპება ფლებიტისთვის არის დამახასიათებელი – ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებასა და სიწითლეს. მდგომარეობაში გასარკვევად უნდა ეჩვენოთ ზოგადი პროფილის ექიმს ან ანგიოლოგ-ფლებოლოგს.
კითხვა: შეიძლება, ფეხების ტკივილი და შესიება ხერხემლიდან იყოს გამოწვეული?
პასუხი: ფეხების ტკივილი ხერხემლის პათოლოგიების თანმხლები ჩივილია, სხვა ჩივილები დაზიანების ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, დიაგნოზის დასაზუსტებლად ორთოპედ-ვერტებროლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: თუ ფილტვები და ბრონქები სუფთაა, რამ შეიძლება ნახველი გამოიწვიოს, როცა ადამიანი არ არის მწეველი და არც ალკოჰოლს სვამს?
პასუხი: ქრონიკული ხველის შესაძლო მიზეზი, გარდა ფილტვებისა და ბრონქების პათოლოგიისა, არის ცხვირის ღრუსა და სინუსების პათოლოგიები, ალერგია, რეფლუქსი, ზოგიერთი მედიკამენტი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, ნევროპათიული ქრონიკული ხველაც არსებობს – ხორხის (ლარინგული) ნევროპათია... დიფერენცირება მოითხოვს ექიმთან ვიზიტსა და კვლევების ჩატარებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან