ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.03

კითხვა: ჰომა ინდექსი მომივიდა 4.1. ენდოკრინოლოგმა დამინიშნა გლუკოფაჟი 1 000 – დღეში 2-ჯერ. პლუს დიეტა. მაინტერესებს რამდენად სწორი მიდგომაა?
პასუხი: HOMA-IR ინდექსის დასაშვები ნორმა 2-ზე ნაკლებია. რადგან მაჩვენებელი მაღალია, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ გაქვთ მეტაბოლური დარღვევა, ამიტომ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ.
კითხვა: ვარ 29 წლის. ბოლო 2 თვეა, მაქვს გაძლიერებული ნერწყვდენა, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, განსაკუთრებით საუბრის დროს. ასევე, მაქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რისი ბრალი შეიძლება, იყოს და ვის მივმართო?
პასუხი: ზოგადად, მომატებული ნერწყვდენა დამახასიათებელია პირის ღრუს დავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი. პარაზიტული ჭიებით ინვაზია, ინტოქსიკაცია (მათ შორის ნიკოტინით), ზოგიერთი სახის ნერვული პათოლოგია. უნდა მიმართოთ თერაპევტს, რიგი დეტალების დაზუსტების შემდეგ (პაციენტის დამატებითი გამოკითხვა) მოხდება დიფერენცირება და კვლევებს მიმართული ხასიათი ექნება.
კითხვა: მაინტერესებს, როდის ტარდება ესტროგენისა და პროგესტერონის ანალიზი, ანუ ციკლის რომელ ფაზაში?
პასუხი: ესტროგენის ანალიზი შესაძლებელია ციკლის პირველ ფაზაში, ანუ მენსტრუაციული ციკლის, დაახლოებით, პირველი 10-12 დღის განმავლობაში, ხოლო პროგესტერონი უფრო ინფორმატიულია ციკლის 19-21-ე დღეს. ზოგადად კი, ჰორმონების განსაზღვრა აუცილებელია სულ მცირე დღეგამოშვებით, რადგან მათ ახასიათებთ ყოველდღიური მერყეობა და ზუსტი სურათის მისაღებად უნდა განისაზღვროს რამდენჯერმე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან