მედიცინა

ექიმის რჩევები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.03, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: 4 დღეა, დედას თვალის გუგა უკრთის და ხედვაში ხელს უშლის. ერთ დღეს გვერდიდან თეთრი შუქიც უშლიდა ხელს, თითქოს ხედვას აბნელებდა. თვალის ბრალია თუ გადაღლილობის? პერიოდულად სხეულიც უთრთის. ვიზუალურად არ ეტყობა.

პასუხი: მიზეზი შესაძლოა, იყოს როგორც საკუთრივ თვალში, ისე თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი. აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა, რისთვისაც პაციენტი მიიყვანეთ ოფთალმოლოგთან, გასინჯვის შემდეგ კი ექიმი გეტყვით, საჭიროა თუ არა ნევროპათოლოგთან ვიზიტიც.

კითხვა: მაინტერესებს, დაუცველი ურთიერთობიდან თუ განაყოფიერება მოხდა, რამდენ დღეში ემაგრება საშვილოსნოს ნაყოფი? ამ დროს 3 დღით ყავისფერი, ძალიან ცოტა, წვეთებივით გამონადენი და მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი ნორმალურია?

პასუხი: განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედის იმპლანტაცია, როგორც წესი, მე-8 დღეს ხდება, ემაგრება ენდომეტრიუმს, რამაც შესაძლოა, სისხლდენა გამოიწვიოს. გამონადენის ფერი კი შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი ან ყავისფერი.

კითხვა: მიჭირს ამოსუნთქვა და ამის ფონზე მთქნარება მეწყება. ჭამის დროსაც მიჭირს ამოსუნთქვა. თერაპევტმა ფილტვებზე – არაფერი გაქვსო, კარდიოლოგმა – გულზე არაფერი გაქვსო. მითხრეს, ნევროზულიაო. ვმკურნალობ ნევროზზე, მაგრამ უშედეგოდ. უკვე 8 თვეა, ასეთ დღეში ვარ. ძილის დროს სუნთქვა არ მიჭირს, კარგად მძინავს. იქნება მირჩიოთ; ვის მივმართო.

პასუხი: ამოსუნთქვის გაძნელებისას, პირველ რიგში, ბრონქოსპაზმი უნდა გამოირიცხოს. თუ პულმონოლოგმა ეს პრობლემა გამორიცხა, მაშინ მიზეზი ნევროლოგიურია და თუ ნევროლოგის დანიშნულება შვებას არ გაძლევთ, უნდა უთხრათ მას ამის შესახებ და გადახედავს დანიშნულებას ან მიმართეთ სხვა ნევროლოგს.

კითხვა: ვარ 17 წლის, მაწუხებს ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ძილის დროს (5-10 წუთში ერთხელ მიჩნდება მოშარდვის სურვილი, თუმცა ბევრს არ ვშარდავ). ექიმს გავესინჯე და შარდში ოქსალატები და ურატები აღმოჩნდა. დამინიშნა ნოვანეფრონი და ნიტროქსოლინი, თუმცა არ მიშველა. მაინტერესებს, რა მხრივ ვიმკურნალო?

პასუხი: უპირველესად უნდა დადგინდეს ხშირი შარდვის მიზეზი, რისთვისაც რეკომენდებულია ჩატარდეს შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

კითხვა: ჰორმონები შევიმოწმე და შემდეგი შედეგებია, პროლაქტინი – 21,63; TSH – 4,78; FT – 4 0,95. შეიძლება, ამან დაორსულებაში ხელი შემიშალოს ან დამატებით სხვა ანალიზი ხომ არ უნდა გავიკეთო?

პასუხი: ანალიზების მიხედვით, მომატებულია როგორც TSH, ისე PRL (პროლაქტინის) მაჩვენებელი, რაც შეიძლება, გახდეს ოვულაციის და შესაბამისად ორსულობის ხელის შემშლელი. ამდენად, თქვენ გესაჭიროებათ სათანადო მკურნალობის შერჩევა.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა