მედიცინა

ექიმის რჩევები

№8

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.03, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ორი კვირაა, დავასრულე ცოფის აცრის სრული კურსი. ახლა კი ექიმმა აქვადეტრიმი დამინიშნა, რომელსაც აწერია, რომ შეიცავს 15 მილიგრამ ბენზოლის სპირტს. რას მირჩევთ, დავლიო ეს წამალი?

პასუხი: შეგიძლიათ, დალიოთ, არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით.

კითხვა: 6 წლის ბავშვი, რომელსაც 1 თვის წინ ადენოიდების ოპერაცია გაუკეთეს, დილაობით ცხვირში ლაპარაკობს და მეუბნება, ყელში რაღაც მაწუხებსო. ადგომიდან კი, დაახლოებით, 20 წუთში თავისუფლად იწყებს საუბარს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: მიმართეთ ოტოლარინგოლოგს, გამოსარიცხია რინო-სინუსიტი.

კითხვა: მყავს თვე-ნახევრის ბიჭი. მეოთხე დღეა, ერთი ყურიდან ყვითელ თხელ გამონადენს ვამჩნევ. რით შეიძლება, იყოს გამოწვეული და როგორ ვუმკურნალო?

პასუხი: თუ გამონადენს ახლავს ტკივილი, ბავშვი მოუსვენრობს და ტირის, ეს ოტიტზე მიუთითებს და აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი.

კითხვა: რამდენიმე თვეა, პერიოდულად, შეგრძნება მაქვს, რომ წამწამები მეკრობა. ჩავიწვეთე ალბუციდი, შემდეგ ლევომიცეტინი, მალამოც ვიხმარე, მაგრამ დრო გადის და შვებას ვერ ვგრძნობ. რას მირჩევთ? ვარ 50 წლის. მხედველობაზე ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ მქონია.

პასუხი: ჩივილის მიზეზი შესაძლოა, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება) ან ბლეფარიტია (ქუთუთოების ანთება). უნდა ეჩვენოთ თვალის ექიმს. დიაგნოზის გარეშე მედიკამენტი ვერ შეირჩევა.

კითხვა: მაინტერესებს, ლაქტაციის შემდეგ ფორმადაკარგულ, უსიცოცხლო მკერდს რა პროცედურა უნდა ჩავუტარო ან შეიძლება თუ არა კორექციის გაკეთება, რომ რამეს დაემსგავსოს?

პასუხი: ეს არის სარძევე ჯირკვლების ბუნებრივი ცვლილება ორსულობისა და ლაქტაციის შემდეგ. შეგიძლიათ, შეასრულოთ ვარჯიშები ჰანტელებით, რომ განვითარდეს გულმკერდის კუნთები. ხოლო უშუალოდ სარძევე ჯირკვლების ფორმის, მოცულობის შეცვლა პლასტიკური ქირურგიით არის შესაძლებელი.

კითხვა: მაქვს ტკივილი მარცხენა ძუძუს არეში. თავიდან ყურადღება არ მივაქციე. შემდეგ ორსულად დავრჩი და ვიცი, რომ ამ დროს რენტგენს არ აკეთებენ. მთელი ორსულობა მაწუხებდა ეს ტკივილი. ახლა ბავშვი 7 თვის არის და ისევ ჭამს ძუძუს. მკერდის ტკივილი ისევ მაქვს და იღლიის მხარესაც გადავიდა. რას მირჩევთ?

პასუხი: გირჩევთ სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარებას, ეს უსაფრთხოა ლაქტაციის პერიოდშიც. ამ ეტაპზე ეს კონკრეტული გამოკვლევა განსაზღვრავს, რა იწვევს ძუძუს ტკივილს. შესაძლოა ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია იყოს. შედეგის საფუძველზე მიმართეთ მამოლოგს, რათა მკურნალობის კურსი დაგინიშნოთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა