ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.11

კითხვა: გთხოვთ მირჩიოთ ეფექტური სამკურნალო საშუალება საოფლე ჯირკვლის ანთების სამკურნალოდ.
პასუხი: ჰიდრადენიტის მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერპიას და ადგილობრივად კანის დამუშავებას ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ხსნარებითა და მალამოებით, მაგრამ მედიკამენტების სწორად შერჩევამდე დიაგნოზის დაზუსტება უნდა მოხდეს. გირჩევთ, მიმართოთ ქირურგს ან დერმატოლოგს. მკურნალობას, მით უმეტეს, დაუზუსტებელი დიაგნოზის შემთხვევაში, ვერ დავნიშნავთ.
კითხვა: ვინ წყვეტს, კბილი ამოსაღებია თუ არა – პაროდონტოლოგი თუ ორთოპედი?
პასუხი: კბილების დაზიანების ხარისხის შეფასება შეუძლია პაროდონტოლოგსაც და ექიმ-ორთოპედსაც. თუმცა, პირველი ვიზიტი და მკურნალობის გეგმის დასახვა თერაპევტ-სტომატოლოგის მიერ ხდება.
კითხვა: ფეხის ფრჩხილის ნახევარზე სოკო მაქვს და დაახლოებით 9 თვეა, სტიბერილის ხსნარით ვმკურნალობ. პროგრესს ვატყობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე დღე ვერ მოვახერხე მკურნალობა და ამ პერიოდში სოკო უფრო გავრცელდა. რამდენად უსაფრთხოა სოკოს საწინააღმდეგო ხსნარების ხანგრძლივად გამოყენება?
პასუხი: რადგან ამ დროის განმავლობაში შედეგი ვერ მიიღეთ, აუცილებლად უნდა ეჩვენოთ ექიმ-დერმატოლოგს, დიაგნოზი უნდა დაზუსტდეს და დაინიშნოს კვალიფიციური მკურნალობა. დიაგნოსტიკა ეფუძნება მიკროსკოპულ გამოკვლევას. რიგ შემთხვევაში აუცილებელია როგორც ადგილობრივი (მალამო, სპრეი), ისე სისტემური (დასალევად ანტიმიკოზური საშუალება) მკურნალობა, თანაც, ხანგრძლივად. მკურნალობის შემდეგ ხშირია რეციდივებიც, რომლის მიზეზი ისევ ჰიგიენური წესების დარღვევა და/ან ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებაა.
კითხვა: მარცხენა ხელი, უფრო ხშირად, ვენები, მისივდება, მაღლა ამომდის და რაღაც მომენტში ხელი მიკანკალებს, მასში სისუსტეს ვგრძნობ და ეს პროცესი რამდენიმე წუთი გრძელდება, ზოგჯერ დიდხანსაც. მაინტერესებს, რასთან მაქვს საქმე და ვის მივმართო?
პასუხი: სისხლძარღვების მდგომარეობის შესაფასებლად და ვარიკოზული დაავადების პრევენციის მიზნით, სასურველია, ექიმ-ფლებოლოგს მიმართოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან