ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.11

კითხვა: პროფილაქტიკის მიზნით ნაცხის ანალიზის ჩატარების გარეშე თუ შეიძლება ფლუკონაზოლის აბის დალევა სოკოს საწინააღმდეგოდ?
პასუხი: ფლუკონაზოლი სისტემური მოქმედების პრეპარატია, ინიშნება ჩვენებიდან გამომდინარე, ექიმის დანიშნულებით. პროფილაქტიკური მიზნით ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა სხვადასხვა მიზეზით კონკრეტულ პაციენტს აქვს სოკოვანი ინფექციის განვითარების ან რეციდივის მაღალი რისკი.
კითხვა: მაინტერესებს, რომელი პროფილის ექიმს უნდა მივმართო კუდუსუნის ტკივილის დროს?
პასუხი: კოქციდინია ანუ კუდუსუნის ძვლის ტკივილი შეიძლება ბევრი მიზეზით იყოს გამოწვეული. ყველაზე ხშირია ტრავმა კუდუსუნის არეში, ძვლის დისლოკაცია ან მოტეხილობა, ოსტეოპენია, პილონიდალური კისტა. თუ კუდუსუნის მიდამოს გარეგნული, ზედაპირული ცვლილება არ შეინიშნება, მაშინ დასაწყისში გირჩევთ, მიმართოთ ვერტებროლოგს ან ტრავმატოლოგ-ორთოპედს.
კითხვა: ვარ 34 წლის ქალი. შარდის ბუშტის ანთებისთვის რა წამალი შეიძლება დავლიო?
პასუხი: ცისტიტი რომ ქრონიკულ ფორმაში არ გადავიდეს (არასწორი და/არასაკმარისი მკურნალობის გამო) კონკრეტული გამომწვევის დასადგენად გამოკვლევებია ჩასატარებელი – შარდის ანალიზი (და ბაქტერიოლოგიური ანალიზი) და საშოს ნაცხი. რადგან ქალებში ცისტიტის მიზეზი ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია. ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა, რომლის შერჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება კვლევის შედეგებიდან გამომდინარე.
კითხვა: რა შველის პირის ღრუდან უსიამოვმო სუნს. ეს პრობლემა მაქვს ძილის შემდეგ, სანამ საჭმელს არ შევჭამ. კბილებს, რა თქმა უნდა, ვიხეხავ.
პასუხი: დილით პირში ოდნავ საგრძნობი სუნის არსებობა არ არის უჩვეულო და დაკავშირებულია ღამის განმავლობაში პირის ღრუს მიკრობების აქტივობასთან. ჩვეულებრივ, ასეთი სუნი კბილების გახეხვის შემდეგ გაივლის. თუმცა, პირში ცუდი სუნის მიზეზი ასევე, შეიძლება, იყოს კბილების, ღრძილების, ყელის, კუჭ-ნაწლავისა და ორგანიზმის ზოგადი დაავადებები.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან