მედიცინა

ექიმი და პაციენტი - არსენ გვენეტაძის მარტივი ჭეშმარიტება!

№1

ავტორი: „თბილისელები“ 19:09 09.01, 2023 წელი

არსენ გვენეტაძე
დაკოპირებულია

• ექიმი და პაციენტი! - განსაკუთრებული თემაა და მე ვისაუბრებ ჩემი როგორც რეპროდუქტოლოგის რაკურსიდან. ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ჯანმრთელი წყვილების მკურნალები. თუ ჯანმრთელია, მკურნალობა რაღად უნდაო, იკითხავთ, ალბათ. აქ საუბარია იმაზე, რომ უშვილობა უმეტესწილად სოციალური თემაა და ადამიანების მიზნის ასრულება... და არა, ავადმყოფობა. ანუ, გარეგნულად ყველაფერი კარგად არის. ადამიანებს არც ტკივილი აწუხებთ, არც კონკრეტული ჩივილები აქვთ... და ამ პიროვნებებს, როცა ჩვენთან მოდიან, სჭირდებათ სხვა ტიპის ურთიერთობები და არა მარტო ექიმის კონსულტაცია. რატომ? - ვეცდები, უკეთესად ავხსნა.

რეპროდუქტოლოგია განსაკუთრებით ფაქიზი სფეროა, სერიოზულ მატერიალურ დანახარჯებსაც მოითხოვს. როცა ჩვენთან ახალგაზრდა წყვილები მოდიან ამ დილემის გადასაჭრელად, მათ გაცილებით ფაქიზი მოპყრობა სჭირდებათ და სწორედ ამას ვეუბნები ჩემი კლინიკის ექიმებსაც ჩვენს დილის კონფერენციებზე. ეს არის ჩემი ხედვა, რომელიც ბოლო ორი-სამი წელია, ჩამომიყალიბდა. ანუ, რა უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი - კანონი უნდა იყოს დაცული! რა შუაშია კანონი? - მოგახსენებთ: ყველა ადამიანს აქვს რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება და უკეთ რომ განვმარტო, მარტივ მაგალითს მოვიყვან: სპერმის მონაცემი, ან კვერცხუჯრედის მარაგი არის ძალიან დაბალი. ასაკი კი, ქალის მაღალია და საჭიროებს ინვიტრო განაყოფიერებას. ადრე პატიოსნად და პროფესიულად ვცდილობდი ამეხსნა, რომ ძალიან დაბალი გაქვთ შანსი - შეიძლება ერთი ან ორი პროცენტი. ვურჩევდი, მოეძებნათ დონორი... დღეს რა შეიცვალაო, მკითხავთ... თქვენს პატიოსნებაში შეიცვალა რამე თუ პროფესიონალიზმშიო. არა ბატონო, კიდევ უფრო ღრმად წავედი ასეთი წყვილის ფსიქოლოგიურ ასპექტებში და მივხვდი, რომ მათთვის უმთავრესი საკუთარი მიზანია. მე თუ მათ შევაცვლევინე ეს მიზანი და ვუთხარი, რომ „არა, არ ღირს ცდა, დონორი უნდა გამოიყენოთ, ან საერთოდ უარი თქვათ,“ - ისინი ბედნიერები ვერ იქნებიან. ხოლო, თუ ადამიანი ბედნიერი ვერ არის, თორმეტი შვილიც რომ ჰყავდეს, ამით მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესების ნაცვლად, პირიქით, გაუარესდება.

• ...მე სულ ვამბობ, თავისუფლების ისეთ ხარისხს მივაღწიე, რომ გავხდი ის, ვინც ვარ და ორი რამ უნდა მახსოვდეს, ბევრჯერ გავიმეორებ ამას, სანამ ცოცხალი ვარ: ჩემი თავისუფლების ხარისხი, როცა სხვისი თავისუფლების ველს მიუახლოვდება, იქ უნდა გავჩერდე და არ უნდა ვკვეთდე საზღვარს. მეორე - უნდა ვიცავდე კანონს! კლასიკური ფორმულირებაა და გულწრფელად გამიჩნდა სურვილი, ამას არტი მივუძღვნა. „თავისუფლება და კანონის მორჩილება!“ ის, რაც კანონს არ არღვევს და არავის თავისუფლების ხარისხს არ ზღუდავს, მე მაძლევს უფლებას, გავაკეთო ის, რაც მინდა და ვაკეთებ კიდეც.

რა კავშირშია ეს ყველაფერი ექიმობასთან და ჩემს პროფესიასთან... პაციენტს აქვს სამედიცინო სერვისის მიღების უფლება და ეს კანონშიც წერია. ანუ, აქვს უფლება, გაიკეთოს ინვიტრო განაყოფიერება, თუნდაც დაბალი მარაგით. მან არ იცის, რამდენად საიმედო იქნება შედეგი და მე, ექიმმა უნდა გადავარწმუნო, არ გაიკეთოს თავისი სპერმით, ან თავისი კვერცხუჯრედით? - ადრე, მეც ვფიქრობდი, რომ კარგად ახსნა და მცდელობა, გადააფიქრებინო პაციენტს ის, რის გაკეთებაც უნდა, იყო სწორი. მაგრამ, მხოლოდ იმან იცის, რომელი გადაწყვეტილებაა მისთვის საუკეთესო . ისე, როგორც მხოლოდ მე ვიცი, ჩემთვის რომელი გადაწყვეტილებაა საუკეთესო. ამიტომ, დიახ, მე ავუხსნი პატიოსნად, გაცნობიერებულად, მაგრამ გავაკეთებ იმას, რაც უნდა მას, თუნდაც დაბალი შანსით. ამით მე არც სამედიცინო კანონს ვარღვევ და არც მის თავისუფალ არჩევანს ვზღუდავ. იქნება, უკმაყოფილო თუ ვერ მიიღებს შედეგს? - შეიძლება, მაგრამ არასწორი ლოგიკაა, ახლავე უკმაყოფილო დავტოვო ამაზე ფიქრით. გადარწმუნების ბევრი მცდელობით ადამიანი ბედნიერი ვერ ხდება. ადამიანს, რომელსაც აქვს მიზანი და პირველივე ცდაზე რაღაც არ გამოუვა, არ ჩაიქნევს ხელს და არ დააბრალებს ამას საკუთარ უბედობას.

• 2023 წელს მე ვაცხადებ თავისუფლებისა და კანონის პატივისცემის წლად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე კანონს პატივს არ ვცემდი, ან თავისუფალი არ ვიყავი. არა, ბატონო, უბრალოდ, ახლა მაქვს ემოცია და სურვილი, ხმამაღლა ვილაპარაკო ამაზე. გამოჩნდებიან გამქილიკებლები? - შეიძლება. მაგრამ იმანუელ კანტი ამბობდა: მორალი სუსტებმა მოიგონეს ძლიერების წინააღმდეგო. არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალი... როგორც წესი, სხვას ჭკუას ასწავლის ის, ვინც თავად ვერც თუ ბრწყინავს იმ ქმედებებით. ჩემი მიზანია, მეტი ბედნიერი ადამიანი იყოს ჩვენ გარშემო და სულ ვცდილობ, „რბილად“ მივიტანო ჩემი სათქმელი იმათ ყურამდე, ვისაც რაღაც პოზიტივის შესმენა სურს. ძალიან კარგი ჩინური სიბრძნე მოვისმინე ამას წინათ: აგებული კოშკის სიმაღლე მისგან დაცემული ჩრდილის სიგრძით იზომება, ხოლო ადამიანის სიდიადე იმ მოშურნეთა რაოდენობით, რომელიც სიცოცხლეში ჰყავდაო... ძველი ჩინელები ასე ამბობდნენ და მე შევარბილებდი - მისი კრიტიკოსების რაოდენობით-მეთქი, ვიტყოდი...

პრაქტიკულად, მესამოცე წელში შევდგი ფეხი და დღეს მაქვს ფუფუნება, რასაც თავისუფლება ჰქვია. თავისუფლება აზრის, თავისუფლება სიტყვის, თავისუფლება ქმედების... აღფრთოვანების... ჩემი გონება დღეს გაცილებით უფრო დრეკადი და მოქნილია, ვიდრე, როცა ახალგაზრდა ვიყავი...

• ბავშვის გაჩენა რა არის... ერთი - დიადად ყოფნის სურვილი. უნდა, რომ სხვას რომ ჰყავს, მასაც ჰყავდეს თავისი მსგავსი. არ გამოირჩეოდეს სოციუმისგან ამით. და... მეორე - სექსუალური ლტოლვა. ამიტომაც დავარქვი ჩვენს წიგნს - „სექსი სიცოცხლის წყარო “ და ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი პაციენტები საჭიროებენ რუდუნებას და მათი სურვილი უნდა იყოს ნომერი პირველი. ეს წელი სულ ამას უნდა მივუძღვნა. ბედნიერებისა და ნაყოფიერების ინსტიტუტის მიმართულება მინდა შევქმნა და თუ ექიმის პიროვნებაზე არ ვიზრუნებ, თუ ჩემი ემოციები არ იქნება კარგი იმ დღეს, როცა პაციენტი უნდა მივიღო, ეს ყველანაირად აისახება ჩემს მასთან ურთიერთობაზე. ზოგჯერ პაციენტი დაძაბულია და ერთი და იმავეს სამჯერ გიყვება. თუ ამას მშვიდად არ შეხვდები და უარყოფით ველში გადაიყვან, რაც უნდა საუკეთესო წამალი დაუნიშნო, მის ნდობასა და კეთილგანწყობას ვეღარ მოიპოვებ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

• რა ურჩევნია ადამიანს - პაციენტს?! - მისი სურვილი აღასრულო, თუნდაც შედეგი ვერ მიიღოს, თუ იძალადო მასზე, შეაცვლევინო სურვილი და მაინც ვერ მიიღოს შედეგი. მარტივია პასუხი - როცა სურვილზე უარს ათქმევინებ, ის უკვე თავშივე უკმაყოფილოა და პლუს შედეგს ვერ იღებს... იქნებ მიიღოს?.. ეს „იქნებ “ მისი სურვილით მიღებულ გადაწყვეტილებაშიც არსებობს. უფრო დაბალი შანსით, ცხადია, მაგრამ მაინც არსებობს. აქვს სურვილი? - მე დავანახვებ გზას უკეთესი შედეგისთვის, მაგრამ ხელს არ შევუშლი მისი ნების აღსრულებას. აღარ უნდა შევეცადო გადავარწმუნო, რადგან ის ამით ბედნიერი ვერ გახდება. დრო ყველაზე ძვირფასი და ღირებულია. ბედნიერი მინდა ვიყო აქ და ახლა... რადგან წუთები, რომელიც აღარასდროს განმეორდება, სიამოვნებით გავატარო... მე ბედნიერების ელჩობა კედელზე გასაკრავად კი არ მჭირდება, მინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავათავისებინო ბედნიერების არსი... რომელთაც ჯერჯერობით ვერმიღებული გამოცდილების გამო, კარგად გაცნობიერებული არა აქვთ.

ჩემი არჩევანი ზრუნვა და სიყვარულია, რომ გაგაკეთებინო ის, რაც შენ გინდა, რაც თავად გსურს ადამიანს. ზრუნვა და ძალადობაც არსებობს და ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. „როგორ, არ ვუთხრათ, თუ გადასავარდნია? არ შევაჩეროთ“? - მაგრამ, არის კი გადასავარდნი რეალურად? იქნებ ის, რასაც შენ გადასავარდნად ხედავ, სხვისთვის ფრთების გაშლის და გაფრენის შანსია. უთხარი ერთხელ შენი ხედვა და მიანიჭე თავისუფლება გადაწყვეტილებისა. დიახ, ეს ცხოვრებაა, რომელიც სარკისებურად გადმოდის პაციენტისა და ექიმის ურთიერთობაზეც.

• ხშირად ვამბობ, ორი მთავარი გასაღებია - ერთი პოზიტიურ კარს აღებს, მეორე ნეგატივის კარს. არ მისცეთ თქვენი გასაღებები სხვას. დიახ, ვიღაც ნეგატივის და პესიმიზმის ქოლგის ქვეშ უფრო მარტივად ცხოვრობს და ყველას თავისი ბედნიერება აქვს. მაგრამ მე „გამოგართვით“ ჩემი გასაღებები და მათი ტარებით აღარ შეგაწუხებთ საზოგადოებას. „გამოგართვით“, გადავადნე და ახლა ერთი, ორმხრიანი, უნივერსალური მენტალური გასაღები მაქვს. ერთი მხარეა ჩემი თავისუფლება, მეორე კანონმორჩილება - კანონის პატივისცემა! საკუთარ თავთან ვარ არათუ პირნათელი - ნათელზე ნათელი და თავისუფალი... თან ბედნიერი.. მაქვს, ამისი უფლება? - მაქვს... ცხოვრება მარტივია და ეს არის ჭეშმარიტება. პრობლემათა დიდი უმეტესობა არის ჩვენ მიერვე გამოწვეული. გავაღოთ პოზიტივის კარი და ვნახავთ, რომ ცხოვრება ყველაზე მშვენიერია... ბედნიერება კი - ჩვენი თავისუფალი არჩევანი.

არსენ გვენეტაძე პროფესორი

მისამართი: თბილისი, დიღომი, ნინო ჯავახიშვილის ქ. 6 (ყოფილი ლუბლიანას 2/6) ტელ: 597 511913.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი