მედიცინა

ძვლოვანი წანაზარდები – მიზეზები და პროფილაქტიკა

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.03, 2023 წელი

ძვლოვანი წანაზარდები
დაკოპირებულია

ძვლოვანი წანაზარდი დამატებითი ძვლოვანი ქსოვილისგან შექმნილი გლუვი, მკვრივი გამობერილობაა, რომელიც ძვლის დაბოლოებაზე ფორმირდება და უმეტესად უწყინარია.

ძვლოვანი წანაზარდები ყველაზე ხშირად ოსტეოართრიტს ახლავს თან. ის არც მოცეკვავეებისთვის არის უცხო, განსაკუთრებით – ბალერინებისთვის, რომელთა ტერფებსაც უდიდესი ჯაფა ადგას.

წანაზარდი ნებისმიერ ძვალზე შეიძლება გაჩნდეს, თუმცა უმეტესად კისრის ან წელის მალებზე, მხრის, მუხლის, ტერფის ძვლებზე და თითების ფალანგებზე წარმოიქმნება. მედიცინაში ძვლოვან წანაზარდებს ოსტეოფიტების სახელითაც იცნობენ.

ოსტეოფიტი ყოველთვის შემაწუხებელი და მტკივნეული არ არის, ზოგიერთი მას ვერც კი ამჩნევს. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, თუ წანაზარდმა დაიწყო სხვა ძვალზე ან ქსოვილზე ხახუნი, შებოჭა მოძრაობა, მიაწვა მეზობელ ნერვებს.

იმის მიხედვით, სად განვითარდება ძვლოვანი წანაზარდები, სიმპტომებიც სხვადასხვანაირია. მაგალითად, ხერხემლის ოსტეოფიტები მეზობელ ნერვებზე ზეწოლის გამო იწვევს ზურგის ტკივილს და შებოჭილობას, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნებას, დაბუჟებას. მხრის ძვალზე განვითარებული წანაზარდები ზოგჯერ ზღუდავს მყესებისა და იოგებისთვის განკუთვნილ სივრცეს და მყესის ანთებასა და მხრის მაბრუნებელი კუნთებისა და მყესების გაგლეჯას განაპირობებს. თეძოსა და მუხლის ოსტეოფიტები ამცირებს მოძრაობის დიაპაზონს და არცთუ იშვიათად, მტკივნეულ ართრიტთან ასოცირდება, ზღუდავს ფეხის მოხრას და გაშლას, თითის ფალანგებზე არსებული წანაზარდები კი შეშუპებას იწვევს.

ძვლოვანი წანაზარდი შესაძლოა, გატყდეს და სახსრის ამომფენ გარსს შეეწებოს. ამ შემთხვევაში ის იქცევა თავისუფალ სხეულად, რომელიც სახსარს კეტავს და მოძრაობაში ხელს უშლის.

ძვლოვანი წანაზარდები, უმეტესად, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, თუმცა ახალგაზრდებთანაც გვხვდება.

ძვლოვან წანაზარდებს თავიდან ვერ აიცილებთ, თუ ისინი ართრიტის გამო განვითარებული ბუნებრივი ცვეთის შედეგია. თუმცა შესაძლებელია სხვა მიზეზებით გამოწვეული ძვლოვანი წანაზარდის განვითარების შეფერხება. ამისთვის:

👉 ატარეთ ფეხსაცმელი, რომელსაც ექნება ტერფის დიდი თითისთვის საკმარისი სივრცე, კარგი თაღი და სათანადო ამორტიზაცია. მიაქციეთ ყურადღება, რომ ფეხსაცმელი სიარულის დროს ტერფს არ ეხახუნებოდეს. ჩაიცვით შესაფერისი წინდები;

👉ძვლების დასაცავად და გასამაგრებლად მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები და საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი. აქვე შეგახსენებთ, რომ კალციუმით მდიდარია რძის ნაწარმი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ნუში;

👉 ძვლების სიმტკიცის შესანარჩუნებლად რეგულარულად იმოძრავეთ, მაგალითად, იარეთ ფეხით, კიბით. ეცადეთ, მოიცილოთ ჭარბი კილოგრამები.

👉 ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით შესაძლებელია ისეთი სიმპტომების გადავადება, როგორიცაა ტკივილი, სახსრების შებოჭილობა და მოძრაობის შეზღუდვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი