დაღლილობის მიზეზები და გამოსავალი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 16.09, 2023 წელი

დაღლა მძიმე სამუშაო დღის, ხანგრძლივი სიარულის, ვარჯიშის ან, თუნდაც, ჩვეულებრივი საოჯახო საქმეების შესრულების შემდეგ ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა. ამ დროს ვიცით, რამ დაგვღალა და ისიც ვიცით, რომ ჩვენი წამალი კარგი გამოძინებაა. მაგრამ არსებობს სხვა დაღლილობაც – მედიცინაში ამ სიტყვას არაერთი დაავადების სიმპტომების ჩამონათვალში შეხვდებით და ის არა მხოლოდ ფიზიკურ გადაღლას, არამედ ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ მოთენთილობასა და გამოფიტულობას გულისხმობს. გადატვირთული რეჟიმი, არასწორი კვება, არასაკმარისი ძილი, მჯდომარე, პასიური ცხოვრება... უამრავი რამ მუშაობს დაღლილობის სასარგებლოდ. თუ ამ ფაქტორების აღმოფხვრამ დაღლილობა არ გააქრო, შესაძლოა, მის მიღმა რომელიმე დაავადება იმალებოდეს.
სამედიცინო განმარტებით, დაღლილობა არის ყოველდღიური ენერგიის ნაკლებობა; გამოფიტულობა, რომელიც გამოძინების შემდეგ არ ქრება. თუ ეს შეგრძნება თვეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, დაღლილობა მწვავეა, თუ 1-იდან 6 თვემდე ან უფრო მეტხანს – ქრონიკული. დაღლილობა ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციობას და აქვეითებს მისი ცხოვრების ხარისხს.
დაღლილობის გავრცელებული მიზეზებია:
მეტაბოლური/ენდოკრინული ცვლილებები
ორსულობა, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, დიაბეტი, ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, თირკმლის დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, კუშინგის დაავადება.
ინფექციური დაავადებები
ინფექციური მონონუკლეოზი, ჰეპატიტები, ტუბერკულოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, აივ ინფექცია, გრიპი, მალარია და სხვა ინფექციური დაავადებები, მათ შორის, კოვიდ-19.
გულისა და ფილტვის დაავადებები
ფილტვების ანთება, არითმია ასთმა, ფილტვების ქრონიკული, ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი), გულის შეგუბებითი უკმარისობა, კორონარული არტერიების დაავადება, სარქველების დაზიანება.
მედიკამენტები
ანტიდეპრესანტები, შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები, დამამშვიდებლები, ანტიჰისტამინური საშუალებები, სტეროიდები, სტატინები, არტერიული წნევის დამარეგულირებელი ზოგიერთი მედიკამენტი, ზოგიერთი მედიკამენტის ან ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შეწყვეტა.
ფსიქოემოციური დარღვევები
სტრესი, დეპრესია, შფოთვა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, კვების დარღვევები (ბულიმია, ანორექსია), მწუხარება და გლოვა.
ძილთან დაკავშირებული პრობლემები
გვიანობამდე მუშაობა, ღამის ცვლაში მუშაობა, სასაათე სარტყლის შეცვლა, ძილის აპნოე, რეფლუქს-ეზოფაგიტი, უძილობა, ნარკოლეფსია.
ვიტამინებისა და ელემენტების უკმარისობა
B12 და D ვიტამინის დეფიციტი, ფოლიუმის მჟავას უკმარისობა, რკინის უკმარისობა.
როგორ მოვიქცეთ:
* შეეცადეთ, ყოველდღე, უქმე დღეებშიც კი, ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ;
* საწოლოთახში იყოს კომფორტული ტემპერატურა (ძილისთვის კომფორტულად მიიჩნევა 15,5-19,5 გრადუსი);
* საწოლოთახში იყოს სიბნელე და სიწყნარე;
* დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში მოერიდეთ ეკრანს. გამოსხივება და ხმა ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე;
* არ ჭამოთ ძილის წინ;
* ძილის მოახლოებისთანავე შეეცადეთ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც დაისვენოთ. სტრესული და შემაშფოთებელი ფიქრებისგან თავის დაღწევაში შესაძლოა, დაგეხმაროთ თბილი აბაზანა და მშვიდი მუსიკა.
დაღლილობასა და ენერგიულობაზე დიდ გავლენას ახდენს კვება. ზომიერი, დაბალანსებული დიეტა კარგი ძილისა და ჯანმრთელობის საწინდარია.
* მიირთვით დღეში რამდენჯერმე, ზომიერი ულუფებით;
* ერიდეთ შაქრის შემცველ და ნაკლებად სასარგებლო საკვებს;
* მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული;
* შუადღისას და საღამოს ერიდეთ კოფეინის მიღებას.
რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს ძილს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან