ჭიპლარის სისხლით მკურნალობა აუტიზმისა და ცერებრული დამბლის დროს და „ჯეოქორდის“ 15-წლიანი ისტორია
ავტორი: მაკა ჯიქია 12:30 28.12, 2021 წელი
ჭიპლარის სისხლით მსოფლიო მეცნიერები მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დაინტერესდნენ. ის, რაც იქამდე შეუძლებლად მიაჩნდათ, ჭიპლარის სისხლის მეშვეობით მიღწევადი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ ჭიპლარის სისხლი შეიცავდა დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედს, რომლის გამოყენება შეიძლებოდა, როგორც სრულფასოვანი ალტერნატივა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის.
უკვე 15 წელია, რაც საქართველოში, კერძოდ თანამედროვე სტარდარტებზე მორგებულ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“, არსებობს ჭიპლარის სისხლის ბანკი – „ჯეოქორდი“, რომელიც 2006 წელს დაარსდა. მედიცინის დოქტორი, ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უჯრედული ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ჭიპლარის სისხლის ბანკ „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორი, ბატონი გოჩა შათირიშვილი გვესაუბრა ჭიპლარის სისხლისა და ღეროვანი უჯრედების ამოუწურავ თვისებებზე, ასევე, სხვადასხვა დაავადებების დროს მის ეფექტიანობაზე, მათ შორის ცერებრული დამბლისა და აუტიზმის შემთხვევბშიც. რა ფასდაუდებელ როლს ასრულებს ჭიპლარის სისხლი თქვენი შვილების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და რატომ უნდა შეინახოთ ის, სტატიიდან შეიტყობთ.
გოჩა შათირიშვილი: ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“ 2006 წელს დაარსდა და პირველი ჭიპლარის სისხლი 2006 წლის პირველ ივლისს შევინახეთ – წელს შეგვისრულდა 15 წელი. ეს გახლდათ მერიის პროგრამა, რომლის ფარგლებში ოჯახებს, სადაც ონკოლოგიური, ონკოჰემატოლოგიური და გენეტიკური დაავადებების მქონე პაციენტები ჰყავდათ, უფასოდ შენახვოდათ ჭიპლარის სისხლი. დღეისთვის ათასობით მშობელს აქვს შენახული საკუთარი შვილისთვის ჭიპლარის სისხლი და არა მხოლოდ ერთი ბავშვისთვის, არამედ გვაქვს შემთხვევები, როცა 4 და 5 დედმამიშვილის მასალაა შენახული. ეს ერთგვარი დაცვა და გარანტიაა ბავშვისთვის და ცხადია, მშობლებისთვისაც.
– რას შეიცავს ჭიპლარის სისხლი, რომელიც ასეთი ეფექტურია დაავადებებთან მკურნალობის დროს?
– ღეროვან უჯრედებს. ღეროვანი უჯრედი ეს არის მოუმწიფებელი ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და პარალელურად, დიფერენცირების უნარი – წარმოქმნის ყველა სახის უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს. ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ღეროვანი უჯრედი არის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. სიცოცხლის საწყის ეტაპზე, ჩასახვის პირველ საათებსა და დღეებში, ადამიანი მხოლოდ ღეროვანი უჯრედებისგან შედგება, ერთი ღეროვანი უჯრედიდან ვითარდება ადამიანის 220-მდე სხვადასხვა ტიპის უჯრედი, მათი საერთო რაოდენობა კი 100 ტრილიონამდეა. ადამიანის ზრდასთან ერთად ღეროვანი უჯრედების პროცენტული შემადგენლობა მცირდება, თუმცა უჯრედები თვითაღდგენის ფუნქციას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. ღეროვანი უჯრედების რაოდენობა დიდია ჭიპლარის სისხლში, სადაც მაღალი პოტენციალის მქონე ნორჩი უჯრედებია, რომელზეც არ უმოქმედია რადიაციას ან ულტრაიისფერ სხივებს, მავნე ქიმიურ ნივთიერებებსა თუ მედიკამენტებს, ბაქტერიულ თუ სოკოვან ინფექციებს, სხვადასხვა სახის გარემოს მავნე ზემოქმედებას თუ ყოველდღიურ სტრესს. ესაა გაუცვეთავი სულ ახალი უჯრედები და მსგავსი მაღალი აღდგენითი პოტენციალის ღეროვანი უჯრედები ორგანიზმში, მოზრდილ ასაკში აღარ იარსებებს. თუ მათი შეგროვება მშობიარობისას არ მოხდა, ეს შანსი სამუდამოდ დაიკარგება.
– რა დროით ინახება ჭიპლარის სისხლი? აქვს თუ არა ვადები?
– ჭიპლარის სისხლს არ აქვს ვადა და თუ ის სწორად არის შენახული განუსაზღვრელი დროით ინახება. საშუალოდ, 10 000-დან 30 000 წლამდე ძლებს, თუ თხევად აზოტში, მინუს 130 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე იმყოფება. მასზე ერთადერთი მავნე გავლენა შესაძლოა, კოსმოსურმა რადიაციამ მოახდინოს, თუმცა ვიდრე მას კოსმოსური რადიაცია დააზიანებს, იმდენი წელი გადის, შეუძლებელია, ადამიანმა იქამდე იცოცხლოს.
– როდის მოხდა პირველი გადანერგვა?
– პირველი გადანერგვა 1988 წელს საფრანგეთში მოხდა. ფრანგმა და ამერიკელმა ექიმებმა გადაუნერგეს ამერიკელ 6 წლის ბავშვს, რომელსაც თანდაყოლილი ანემიის ერთ-ერთი ტიპი – ფანკონი ჰქონდა. ეს ბავშვი გადარჩა და დღემდე ჯანმრთელია, ამ პაციენტს პირადად შევხვედრივარ კონგრესზე. ჭიპლარის სისხლით დაიწყეს სისხლის დაავადებების მკურნალობა, რადგან ძვლის ტვინის გადანერგვის საუკეთესო ალტერნატივა გახლდათ. 2000-იანი წლებიდან შესაძლებელი გახდა, ნეიროგანვითარების დაავადებების მკურნალობაც, როგორიცაა: ცერებრული დამბლა და აუტიზმი. 2011-2012 წლებში ამ დაავადებების მკურნალობის კვლევები ჯერ საკუთარი ჭიპლარის სისხლით ჩატარდა, შემდგომ კი გაფართოვდა და დედმამიშვილების ჭიპლარის სისხლის გამოყენებაც დაიწყეს. ჩატარდა კვლევები ჭიპლარის სისხლის იშემიური ინსულტების სამკურნალოდ გამოყენების შესასწავლად, ასევე, შაქრიანი პირველი ტიპის დიაბეტისას, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქება ხდებოდა.
– როგორია სტატისტიკა და როდის მოხდა პირველი გადანერგვა საქართველოში?
– მსოფლიოში 45 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, როცა გადანერგვა სისხლის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენეს, რაც შეეხება აუტიზმსა და ცერებრულ დამბლას – უკვე ათასობით ჩატარდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურია დუკის უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კაროლინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან პირველი გადანერგვა 2016 წელს ჩატარდა, პაციენტს აუტიზმის დიაგნოზი ჰქონდა. ჯამში, ჭიპლარის სისხლი ჩვენს 10 კლიენტს გადაენერგა აუტიზმისა და ცერებრული დამბლის სამკურნალოდ. ვიყენებთ როგორც საკუთარ, ასევე დედმამიშვილების ჭიპლარის სისხლს. ხოლო მათთვის, ვისაც ჭიპლარის სისხლი არ აქვს შენახული, საკუთარ ძვლის ტვინსაც ვიყენებთ – შეგროვება თეძოს ძვლიდან ხდება, შემდეგ მუშავდება და ისე შეჰყავთ ორგანიზმში. ეს ყველაფერი კი ერთი ოპერაციის ფარგლებში კეთდება.
– როგორი შედეგი აქვს აუტიზმის დროს?
– აუტიზმის დროს ფრიად შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. აუტიზმის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: კომუნიკაციების უნარისა და სოციალიზაციის შესუსტება, ინტელექტის განვითარების შეფერხება, ინტერესთა შეზღუდულობა და სტერეოტიპული მოძრაობები. გვქონია არა ერთი შემთხვევა, როცა პაციენტი მხოლოდ ერთ ან ორი სიტყვას ამბობდა და პროცედურის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში სიტყვათა მარაგი 1 000-მდე შეავსო. მაშინ, როცა ფურცელზე ხაზის გავლება უჭირდათ, რამდენიმე თვეში დაუწყიათ ხატვა, წერა-კითხვა, არითმეტიკის შესწავლა... ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სრულიად განკურნებაა, მაგრამ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ უმჯობესდება ინტელექტი, სიტყვათა მარაგი, ქცევა, ვითარდება თანაგრძნობა, ბევრად კომუნიკაბელურები და მეგობრულები ხდებიან. ამერიკელებისგან განსხვავებით, საკუთარი ჭიპლარის სისხლი ჩვენ არა მხოლოდ ინტრავენურად, არამედ ხერხემლის არხშიც შეგვყავს. ეს იმის გარანტის იძლევა, რომ უჯრედების დიდი რაოდენობა აუცილებლად მივა დაზიანების ადგილზე, ანუ თავის ტვინში. ღეროვანი უჯრედები აუმჯობესებენ თავის ტვინის სისხლით მომარაგების ხარისხს და არეგულირებენ იმუნური სისტემის აშლილობას. ჭიპლარის სისხლის მონოციტებს აქვთ ნერვული ქსოვილის დაზიანების შერბილების – ნეიროპროტექტორული უნარი. ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები გამოყოფენ მრავალ ნეიროაქტიურ ნივთიერებას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის ტვინის რეგენერაციის უნარს. ჯამში კი, პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.
მისამართი: ლევან ჩარკვიანის ქუჩა #8, ლისის ტბა, თბილისი.
ტელეფონი: 243-01-00, 243-02-00; 571 43-00-11.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





