მედიცინა

ჭინჭრის სამკურნალო თვისებები

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.04, 2023 წელი

ჭინჭარი
დაკოპირებულია

ჭინჭრის შემადგენლობაში შედის სილიციუმისა და ორგანული მჟავები, რომლის წყალობით ჭინჭარს ორგანიზმის მოძლიერების თვისებები გააჩნია, კერძოდ:

• ის ზრდის ორგანიზმის ბრძოლის უნარს მრავალი ბაქტერიის, ტოქსინის, რადიაციის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ;

• აძლიერებს იმუნიტეტს;

• უზრუნველყოფს ჟანგბადის უკმარისობისგან ორგანიზმის დაცვის მაღალ ხარისხს;

• ჭინჭარი ასტიმულირებს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამიტომ ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი მავნე მოქმედებების მიმართ მნიშვნელოვნად შემცირებულია;

• არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და გამოიყენება როგორც წონაში დაკლების საშუალება.

ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.

ჭინჭრის ნაყენს იყენებენ, ასევე, ფილტვების დაავადებისას, ანთებისას და კუჭის წყლულის დროს, აგრეთვე, როგორც პოლივიტამინურ და გამაგრილებელ საშუალებას.

შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექციები

ჭინჭარი კარგი შარდმდენია. მისი ჩაი საუკეთესოა საშარდე გზების ინფექციებისა და შარდის ბუშტის გაღიზიანების დროს – შარდი მალ-მალე გამოიყოფა და ინფექციის გამომწვევი მიკრობებიც თან მოჰყვება. რაც უფრო მაგარია ჩაი, მით უფრო ინტენსიურად მოქმედებს.

ჭინჭარი ხელს უშლის შარდის ბუშტსა და თირკმელში ქვების ჩამოყალიბებას – მისი წყალობით, ქვის წარმომქნელი მინერალური მარილები შარდში აღარ კრისტალიზდება.

უნაყოფობა და იმპოტენცია

ძველად ჭინჭრის თესლს აგროვებდნენ და საერთო სისუსტის დროს ძალის მოსამატებლად ჭამდნენ.

ჭინჭრის თესლში არის ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები და ვიტამინები, რომლებიც შეუცვლელია ერექციული დისფუნციის აღმოსაფხვრელად და ტემპერამენტის ასამაღლებლად. ამასთან, ჭინჭრის თესლი საუკეთესოა მეძუძური დედებისთვის, რადგან ხელს უწყობს რძის წარმოქმნას.

ჭინჭარს აქვს ანტიკანცეროგენური თვისებები, ამიტომ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლიტრი ახლად დაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გრამი თაფლი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ამზადოთ ჭინჭრის ახალი წვენი, შეგიძლიათ, მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი. ამისათვის აპრილი-მაისში მოჭერით 20 სანტიმეტრის სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად. კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში (მჭიდროდ არა) და დაასხით პირამდე ცივი, ანადუღარი წყალი. 10 საათის შემდეგ მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

ჭინჭარს იყენებენ, ასევე, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ:

1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 200 მილილიტრი (1ჩაის ჭიქა) წყალი, გააჩერეთ 1,5 საათი, გაწურეთ და შეიზილეთ ნაყენი ახლადდაბანილ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა