მედიცინა

ბუასილის მკურნალობა

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.01, 2021 წელი

ბუასილის მკურნალობა
დაკოპირებულია

ბუასილი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. კვლევების თანახმად, 4-დან 3 ზრდასრული ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ბუასილი კაცებში ხშირად არასწორი ცხოვრების სტილის გამო ჩნდება, ქალებში კი – მთავარი გამომწვევი მიზეზი ორსულობა და მშობიარობაა.

ძირტკბილას ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი, ხარშეთ მდუღარე წყლის ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და დაამატეთ წყალი პირვანდელ მოცულობამდე. მიიღეთ თბილი 100 მილილიტრის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ.
ბუასილის სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მარილის აბაზანა გახლავთ. გახსენით 500 გრამი მარილი 3 ლიტრ წყალში, მოურიეთ და გააგრილეთ 30-35 გრადუსამდე. ხსნარი ჩაასხით ვარცლში და ჩაჯექით მასში. ასეთი აბაზანა ტკივილს მოგიხსნით და ხელს შეუწყობს ჰემოროიდული კვანძების გაწოვას.

ერთი სუფრის კოვზ ხეჭრელის ხმელ ქერქს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ღამით, როგორც მსუბუქი საფაღარათე საშუალება. გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ნედლი ქერქის გამოყენება. სამკურნალო დანიშნულებისთვის, მისი ქერქი მხოლოდ 1-2-წლიანი შენახვის შემდეგ არის ვარგისი. გახსოვდეთ ისიც, რომ ამ საშუალებას უკუჩვენებაც აქვს – ფეხმძიმობა და ნაწლავების ანთებითი დაავადება.

ბუასილის სამკურნალოდ არაჩვეულებრივი საშუალებაა მატიტელა. შეურიეთ 2-2 ჩაის კოვზი მატიტელას ხმელი ბალახი და გვირილის ყვავილები. დაასხით 500 მილილიტრი წყალი და ხარშეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე. დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ესაა შარდმდენი, საფაღარათე და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება.

გვირილის, ჭინჭრისა და ხეჭრელის ნახარში – თითო სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებსა და ხეჭრელის ქერქს შეურიეთ ერთ-ნახევარი სუფრის კოვზი გვირილა და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით. შეახვიეთ და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 200 მილილიტრი დღეში ოთხჯერ, ბუასილის დროს – მაშინ, როცა ნაწლავი შიგნითაა, წელი ძალიან გტკივათ და მუცლის ქვედა ნაწილში თითქოს რაღაც „გჭრით“.

ნიახურის კომპრესი – ათქვიფეთ ნიახურის ფოთლები და ღეროები ბლენდერში და დაიტანეთ მტკივან ადგილებში.
ჭარხლისა და სტაფილოს კომპრესი – წვრილად გახეხეთ ორივე, გაახვიეთ ბინტში და დაიდეთ კომპრესი ჰემოროიდულ კვანძებზე.

ჭინჭრის, პიტნისა და კრაზანის ნაყენი – თითო სადილის კოვზ ჭინჭრის ხმელ ფოთლებსა და კრაზანის ბალახს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი პიტნის ფოთლები, დაასხით 300 მილილიტრი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, გააგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ.
კარტოფილისა და თაფლის კომპრესი – გაფცქვენით და გახეხეთ კარტოფილი. ერთ სუფრის კოვზ გახეხილ ბოსტნეულს დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თაფლი. მასა წაუსვით რამდენჯერმე გადაკეცილ ბინტს და დაიდეთ კვანძებზე.

პროფილაქტიკისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • იკვებეთ ხილით, ბოსტნეულით და ნაკლებად დამუშავებული მარცვლეულით. ეს დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავი და თავი აარიდოთ შეკრულობას – ბუასილის გამომწვევ მიზეზს.
  • დალიეთ მინიმუმ 8 ჭიქა წყალი და სხვა სითხეები ყოველდღიურად.
  • მოერიდეთ ალკოჰოლს.
  • წადით ტუალეტში მაშინვე, როდესაც საჭიროებას იგრძნობთ.
  • ძლიერი გაჭინთვა კუჭის მოქმედების დროს დიდ ზეწოლას ახდენს თქვენს ქვედა ტანზე, რაც არასასურველია. იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით.
  • ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის დროს მეტად იტვირთება ქვედა ტანი, რაც შეიძლება, ბუასილის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა