მედიცინა

ბრონქოსპაზმის მკურნალობა

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:00 11.12, 2021 წელი

ბრონქოსპაზმი
დაკოპირებულია

ბრონქოსპაზმი სერიოზული პრობლემაა. ის სასუნთქი გზების დაზიანების შედეგია. დაზიანებული ბრონქების ლორწოვანი გარსი შუპდება, იწყება ანთებითი პროცესი. ბრონქების ირგვლივ არსებული კუნთები იკუმშება, ბრონქის კედელს სარტყლისებურად უჭერს და მის სანათურს ავიწროებს, რის შედეგადაც ფერხდება ჰაერის ნაკადის გავლა სასუნთქ გზებში.

ბრონქოსპაზმი ვითარდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს. ეს ცნება აერთიანებს რამდენიმე დაავადებას: ქრონიკულ ბრონქიტს, ბრონქულ ასთმას, ფილტვების ემფიზემას. მას რამდენიმე მიზეზი აქვს:

👉თამბაქოს კვამლი – ყველაზე აქტიური ფაქტორი;

👉 საწარმოო მტვერი – ქვის, ხის, სამშენებლო მასალის, ლითონის;

👉დაბინძურებული ჰაერი – საწვავის გამონაბოლქვი, შეშის კვამლი;

👉 მძაფრსუნიანი ნივთიერებები – სუნამოები, საღებავები, გამხსნელები;

👉ალერგიული ბუნების გამღიზიანებლები – მცენარის მტვერი, ოთახის მტვერი, ბეწვი ან ბუმბულის ნაწილაკები, მედიკამენტები.

ყველაზე ხშირად ბრონქოსპაზმი ვითარდება წელიწადის იმ პერიოდში, როდესაც ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები: გაციება, გრიპი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, მწვავე ბრონქიტი, ანუ ზამთარში, გვიან შემოდგომაზე, გაზაფხულზე.

ბრონქოსპაზმის დამახასიათებელი სიმპტომებია:

👉სუნთქვის, უპირატესად ამოსუნთქვის, გაძნელება, ისეთი შეგრძნება, თითქოს ფილტვები გაბერილია;

👉 მოხრჩობის პერიოდული შეტევები;

👉 ხველა;

👉ხმაურიანი სუნთქვა. ამოსუნთქვის დროს გარშემო მყოფებს ესმით სტვენა და ხიხინი.

რისკ-ფაქტორები:

ჭარბი წონა, ცხოვრების უმოძრაო წესი, ალერგია, მემკვიდრეობითი განწყობა. ამ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად იზრდება.

ბრონქოსპაზმის, მძიმე ქოშინისა და მოხრჩობის შეგრძნების დროს ავადმყოფი უნდა წამოვსვათ, თავქვეშ ბალიში ამოვუდოთ, გავხადოთ მჭიდრო ტანსაცმელი, გამოვაღოთ ფანჯარა, რათა ავადმყოფმა მიიღოს მაქსიმალური რაოდენობის ჰაერი.

საყურადღებოა მწეველთა ხველა. საზოგადოდ, ხველა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა, სერიოზული საფრთხეც შეგვიქმნას. ხველა არის რეფლექსი სასუნთქი გზების დასაცავად. მისი წყალობით უცხო ნაწილაკები და ბაქტერიები ბრონქებსა და ფილტვებში ვეღარ ხვდებიან. ხველა არის პროდუქტიული და მშრალი. მშრალ ხველას შეიძლება, მოჰყვეს სპონტანური პნევმოთორაქსი, თრომბის მოგლეჯა და სხვა. მწეველების უმრავლესობა პროდუქტიულ, ნახველიან ხველას უჩივის. მშრალი ხველის შემთხვევაში, თუ ის დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მწეველთა ხველა იმაზე მიანიშნებს, რომ მოსალოდნელია, განვითარდეს ბრონქოსპაზმით მიმდინარე რომელიმე დაავადება.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს საჭიროა რეგულარული მეთვალყურეობა დიაგნოზის დასმის დღიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მდგომარეობა უარესდება.

ფილტვების ქრონიკული დაავადების მკურნალობაში ძირითად როლს ასრულებს ცხოვრების ჯანსაღი წესი: აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებება, ფიზიკური აქტიურობა. გარდა ამისა, თავი უნდა დაიცვათ სასუნქი გზების ინფექციებისგან, იკვებოთ ჯანსაღად, ერიდოთ წონის როგორც სიჭარბეს, ისე მის დეფიციტს, მიირთვათ ბევრი ხილი, ბოსტნეული, ერიდოთ ზედმეტად ცხიმიან, შებოლილ, კონსერვანტებიან საკვებს, ალკოჰოლურ, ასევე, გაზიან სასმელებს, მაგარ ჩაის, ყავას, შაქარს, მარილს, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის (დღეში 2-3 ლიტრი) სითხე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა