მედიცინა

ბრონქიტის მკურნალობა

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.06, 2022 წელი

ბრონქიტი
დაკოპირებულია

ბრონქიტის შინ მკურნალობისას აუცილებელია ბავშვს ფეხები ყოველთვის თბილად ჰქონდეს, რადგანაც ის რეფლექსურად დაკავშირებულია ყელთან და ხველას შეამსუბუქებს. ამისთვის ბავშვისთვის გასაძლებ ტემპერატურამდე გაათბეთ და 10-15 წუთის განმავლობაში ფეხებზე ცხელი აბაზანა მიაღებინეთ. ტემპერატურის დიდხანს შესანარჩუნებლად, პერიოდულად დაამატეთ ცხელი წყალი. ფეხების დათბილვა შეამსუბუქებს სუნთქვას და დააჩქარებს ბრონქებიდან ნახველის გამოყოფას.

კარგია, თუ ბავშვს ხშირად დავალევინებთ თბილ, ამოსახველებელ სასმელს, მაგალითად, მცენარეთა ნახარშს თაფლით ან რძით. შეიძლება მკერდზე რამდენიმე წუთით თბილი სათბურიც დავადოთ, რის შემდეგაც ბავშვს უნდა შემოვახვიოთ თბილი, ხაოიანი პირსახოცი ან შარფი. ღამით კი, ფეხების გასათბობად უნდა ჩააცვათ წინდები. ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს ხერხემლის გულმკერდის ნაწილისა და გულმკერდის მასაჟიც, ის ათბობს აღნიშნულ სივრცეს და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.

ზოგადად, ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობის გარეშე რამდენიმე კვირაში ალაგდება. ბრონქიტის ამ ფორმას მწვავე ბრონქიტი ეწოდება. გამოჯანმრთელების პერიოდში აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დასვენება.

ზოგ შემთხვევაში, ბრონქიტის სიმპტომები შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს. თუ სიმპტომები 3 თვეზე მეტხანს გრძელდება, მას ქრონიკული ბრონქიტი ეწოდება. ბრონქიტის ამ ფორმის განკურნება შეუძლებელია, თუმცა სიმპტომების გასაუმჯობესებლად რამდენიმე მედიკამენტი არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია მოწევისგან და მწეველთა გარემოსგან თავის არიდება, რადგან ამან შესაძლოა, სიმპტომები უფრო გააუარესოს.

მწვავე ბრონქიტი ფილტვის ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ექიმთან მიმართვიანობის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს.

მწვავე ბრონქიტი შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის პაციენტს დაემართოს, მაგრამ ეს პათოლოგია ყველაზე გავრცელებული 5 წლამდე ბავშვებშია. მწვავე ბრონქიტი ბავშვებს უფრო ზამთრის პერიოდში ემართებათ და ხშირად გაციების, ყელის ტკივილის ან გრიპის შემდეგ ვითარდება.

პნევმონია ბრონქიტის ყველაზე ხშირი გართულებაა. ეს პათოლოგია ინფექციის ფილტვებში გავრცელებითაა გამოწვეული, რის გამოც ფილტვის ჰაერის ბუშტუკები/ალვეოლები სითხით ივსება. ბრონქიტის ყოველი მეოცე შემთხვევა პნევმონიით რთულდება.

პნევმონიის განვითარების გაზრდილ რისკჯგუფებში ხვდებიან:

👉 მოხუცები;

👉 მწეველები;

👉 სხვა თანამდევი დაავადების მქონე ადამიანები, მაგალითად, გულის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები;

👉 დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა